მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინის სამხედრო კომისარიატებში მასშტაბური კორუფცია გამოვლინდა: ჩატარდა 40-ზე მეტი ჩხრეკა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, სამხედრო კომისარიატების ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების მიმართ 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა და შედგა 150 ოქმი კორუფციასთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ.
„ტერიტორიული დაკომპლექტების ცენტრების (ТЦК - ასე უწოდებენ უკრაინაში სამხედრო კომისარიატებს - რედ.) თანამდებობის პირების უკანონო გამდიდრება და არასწორი დეკლარირება. ეროვნულმა პოლიციამ ოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. ჯამში, ხელმძღვანელი შემადგენლობის მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ 40-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა“, - ნათქვამია პოლიციის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე დღეში შედგა 150 ოქმი კორუფციასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ. ასევე გამოვლინდა სამხედრო კომისარიატების ხელმძღვანელების მიერ უკანონო გამდიდრებისა და შემოსავლების არასწორი დეკლარირების ფაქტები.
„ერთ-ერთმა ფიგურანტმა - ოდესის რაიონული ТЦК-ის უფროსმა - თანამდებობაზე ყოფნისას მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მატერიალური მდგომარეობა და 45 მილიონ გრივნაზე მეტი (1 მილიონ დოლარზე მეტი - რედ.) ღირებულების აქტივები დააგროვა“, - აღნიშნეს პოლიციაში.
უკრაინულმა ტელეარხმა „Общественное“-მ, კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (НАПК) მონაცემებზე დაყრდნობით, 14 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში საოლქო სამხედრო კომისარიატების ყოველი მეათე ხელმძღვანელი, რომელიც თანამდებობას 2022-2026 წლებში იკავებდა, ბრალდებული იყო ან ცნობილ იქნა დამნაშავედ უკანონო გამდიდრებაში.
მანამდე, რადას დეპუტატმა მარიანა ბეზუგლაიამ განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო კომისარიატები საჭიროებენ გაწმენდას, ყურადღება უნდა მიექცეს მათში არსებულ ტოტალურ კორუფციას და პერსონალი უნდა შემცირდეს. უკრაინიდან წასულმა რადას დეპუტატმა არტემ დმიტრუკმა კი განაცხადა, რომ მობილიზაცია უკრაინაში ბიზნესად იქცა - სამხედრო კომისარიატის თანამშრომლები საშუალოდ 100 დოლარს იღებენ თითოეულ იძულებით მობილიზებულზე, ხოლო სამხედრო ვალდებულის გათავისუფლებისთვის საფასური 3-დან 10 ათას დოლარამდე მერყეობს.
ყველა ახალი ამბავი
0