კობახიძემ EPC-ს სამიტზე დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს როლი აღნიშნა

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს გაიმართა. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე – „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, რომელთა შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა სატრანსპორტო, ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.
„ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა", - ნათქვამია განცხადებაში.
დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, მონაწილეობდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს გაიმართა. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
3 აპრილს მთავრობის მეთაური ერევანში დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.
ირაკლი კობახიძე სომხეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
ყველა ახალი ამბავი
0