ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი: პრემიერი ევროპელ ლიდერებს სიტყვით მიმართავს

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
სამიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს, ამ ღონისძიებას გამოვიყენებ ორმხრივი შეხვედრებისთვისაც, განაცხადა სომხეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი ერევანში 4 მაისს იმართება. აღნიშნული პლატფორმა ევროპელი ლიდერების რეგულარული (წელიწადში ორჯერ) შეხვედრებისთვისაა განკუთვნილი.
აღნიშნული სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება.
„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტში პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებთ ამ ღონისძიებას. ზოგადად, ამიერკავკასიის და საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად - დასავლეთთან, ეკონომიკური და სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია, ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, ასევე მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის (ECAD) მეორე შეხვედრაში.
გუშინ, 3 აპრილს მთავრობის მეთაური ერევანში დაესწრო ოფიციალურ მიღებას, რომელიც სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანისა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.
ირაკლი კობახიძე სომხეთში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0