ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმის ზრდის ტემპების შემცირებას პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2026
გამოწერა
ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 2026 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება, ასეთია საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის პროგნოზი.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარზე, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის ავიაბილეთების ღირებულების ზრდა.

„თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო გზით შემოსული ტურისტების რაოდენობის მატება, ასევე ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს 2026 წელს ტურისტების საერთო ზრდას“, – აღნიშნულია კომპანიის ანგარიშში.

გარდა ამისა, ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 1,1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასევე, ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს – 1 მილიონს მიაღწია, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ასევე, ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4,9 მლრდ დოლარს მიაღწევს.
„ეს ჩვენს თავდაპირველ პროგნოზზე - 5 მილიარდ დოლარზე დაბალია და ეფუძნება ვარაუდს, რომ ირანში ესკალაცია მოკლევადიანი იქნება“, – ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის პირველ კვარტალში 0,5%-ით გაიზარდა და რეკორდულ 829,8 მილიონ დოლარს მიაღწია.
2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მლრდ დოლარი შეადგინა – 5,9%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მლნ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს.
ყველა ახალი ამბავი
0