საქართველოს სიძლიერე გონივრულ პოლიტიკაშია - პაპუაშვილი

© photo: Sputnik / Stringerშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2026
გამოწერა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების თარიღად 1991 წლის 30 აპრილი ითვლება.
თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერე ეფუძნება არა მხოლოდ არმიას, არამედ გონივრულ პოლიტიკას, საზოგადოებრივ ერთიანობასა და მშვიდობის შენარჩუნების უნარს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა, რომელსაც ესწრებოდნენ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მთავრობის წევრები, პარლამენტის დეპუტატები და სარდლობის წარმომადგენლები. ღონისძიების დაწყებამდე მათ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
„ჩვენი მთავარი ძალა არის გონივრულ პოლიტიკაში, ერთიანობაში და მშვიდობის შენარჩუნების უნარში. ძლიერი სახელმწიფო იქმნება არა მხოლოდ ძლიერი ჯარით, არამედ სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელიც წინასწარ ხედავს საფრთხეებს, ამყარებს პარტნიორობას, აძლიერებს ინსტიტუტებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს თითოეული მოქალაქისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მშვიდობა შემთხვევითობა როდია, ის თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია.
„მშვიდობა არ არის შემთხვევითობა. მშვიდობა არის შედეგი. ის არის წინასწარ გათვლილი პოლიტიკის, ძლიერი ინსტიტუტების, სანდო პარტნიორობის და ეროვნული ინტერესების შეუვალი დაცვის შედეგი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თავდაცვის ძალების მნიშვნელობა უდიდესია - ისინი არა მხოლოდ იცავენ ქვეყანას, არამედ არიან მშვიდობის გარანტი.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალები დღეს არის თანამედროვე, პროფესიონალური და განვითარებისკენ მიმართული ინსტიტუტი, რომელსაც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ და ამავდროულად, ყოველდღიურად იცავენ ქართულ მიწას.
„მყარი ზურგი, რომელიც თავდაცვის ძალების სახით გააჩნია სახელმწიფოს, მოქნილს ხდის ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯებს“, - განაცხადა მან.
მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას, ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავისუფლება მუდმივ მზადყოფნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„თავდაცვის ძალები არის საქართველოს სიმტკიცის, ერთიანობისა და მომავლის რწმენის სიმბოლო. თქვენი სამსახური გვახსენებს, რომ თავისუფლება არ არის მოცემულობა, ის ყოველდღიური ბრძოლის, შრომისა და მზადყოფნის შედეგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია და სამხედრო ტექნიკის მცირე გამოფენა.
საქართველოს შეიარაღებული ძალები 1990 წლის დეკემბერში შეიქმნა, მაგრამ ჯარში გაწვევა 1991 წლის 30 აპრილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს აღინიშნება ქართული შეიარაღებული ძალების დღე.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაბადების დღედ 1991 წლის 30 აპრილი ითვლება. ამ დღეს შინაგანი ჯარების შემადგენლობაში შემავალი ეროვნული გვარდიის რიგებში პირველი საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო.
შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის ძალები 2019 წელს ეწოდა. ჯარის რიცხოვნობას ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და ის არ აღემატება 37 ათას ადამიანს.
ყველა ახალი ამბავი
0