სააგენტო: ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება 100-მდე პირს მოუწევს

© photo: Sputnik / Stringerვენახი
ვენახი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ვენახის გაშენებაზე ნებართვა მხოლოდ იმ პირებს მოეთხოვებათ, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას გეგმავენ და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, აღნიშნული რეგულაცია ყოველწლიურად 100-მდე პოტენციურ მწარმოებელს შეეხება, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ხელისუფლებამ „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.
„ამ ეტაპზე, ვენახების გაშენების ტემპი შენელებულია. ბოლოს წლების სტატისტიკით, ყოველწლიურად, 500 ჰექტარამდე ფართობი ახალი ვენახი შენდება. ამ მონაცემზე დაყრდნობით, ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება შეეხება დაახლოებით 100-მდე პირს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ ვაჩარაძის განცხადებით, ღვინის ხარისხის რეფორმა მიმართულია საქართველოს ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ღვინის კომპანიებისა და მცირე მარნების განვითარებას.
„რეფორმის მიზანია ხარისხიანი ქართული ღვინის წარმოება ხარისხიანი ყურძნიდან. ამის მისაღწევად კი, საქართველოს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ვენახი; რაც იმას ნიშნავს, რომ ვენახების გაშენება უნდა ექვემდებარებოდეს რეგულაციებს“, - აღნიშნა ვაჭარაძემ.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესული ცვლილებების თანახმად, 2026 წლის 1-ელი მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ შეძლებს მის მიერ წარმოებული ყურძნის ან ღვინის კომერციული მიზნით გაყიდვას. ვენახის გაშენებაზე თანხმობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ უფასოდ გაიცემა.
მიმდინარე წლის 1-ელი მაისისთვის შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ვენახის გაშენებისთვის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და პროცედურების ჩამონათვალს.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონი მხოლოდ სამეწარმეო სეგმენტს შეეხება და ცვლილებები უკვე გაშენებულ ვენახებზე არ გავრცელდება, იგი ასევე არ შეეხება სამოყვარულო და შიდა მეურნეობისთვის გაშენებულ ვენახებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა.
ყველა ახალი ამბავი
0