კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ: ხელისუფლება „გარედან დაკვეთაზე" საუბრობს

© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
სამების ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2026
გამოწერა
ოპოზიციონერის პოსტი 28 აპრილს - საქართველოს წმინდა სინოდის სხდომის დღეს გამოაქვეყნა, რომელზეც პატრიარქიობის სამი კანდიდატი დასახელდა
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. რადიკალური ოპოზიცია დიდიხანია ნეგატიურ დამოკიდებულებას ავლენს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და ამის უკან უცხოელი დამკვეთები დგანან, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას მხარს უჭერენ და ახალისებენ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ასე გამოეხმაურა ქვეყნის პირველი კანონმდებელი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს - „პატრიარქი მოკვდა, გაუმარჯოს ეგზარქოსს“.
„საზოგადოებას და მედიას მოვუწოდებ, ამ ყველაფერს მშვიდად შევხედოთ. რადიკალურ ოპოზიციას ქართული ეკლესიის მიმართ რა ზიზღიც აქვს, ვიცით. ისინი ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რას აკეთებდნენ, ვიცით და ოპოზიციაში რასაც ცდილობენ, ამასაც ვხედავთ. ახალი არაფერია იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას ეკლესიის მიმართ ზიზღი აქვს ჩამოყალიბებული", - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკოსები, საზოგადოების მხრიდან შესაძლო ნეგატიური რეაქციის მიუხედავად, განზრახ შედიან ეკლესიასთან კონფლიქტში და ამას „გარე ძალების“ საამებლად აკეთებენ.
„უნდა გვესმოდეს, ვინც მათ ხელს ჩამოართმევს, ისინი არიან ელჩები და უცხოელები, რომლებიც აქეზებენ, აფინანსებენ და მხარს უჭერენ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიას. ოპოზიციის ნირი ვიცით. ახლა დავაკვირდეთ, მათი შემკვეთი ვინ არის. ეს შეკვეთა უცხოეთიდან მოდის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
გიგი უგულავამ პოსტი 28 აპრილს - საქართველოს წმინდა სინოდის სხდომის დღეს გამოაქვეყნა, რომელზეც პატრიარქიობის სამი კანდიდატი დასახელდა: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მეუფე შიომ 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა კი 7-7 ხმა მიიღეს. სამივე სასულიერო პირი, რომლებმაც დღევანდელ სინოდის სხდომაზე ხმათა უმრავლესობა მიიღეს, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
ყველა ახალი ამბავი
0