მეუფე ნიკოლოზი: უკვე ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას ვერ ვხედავ

© photo: Sputnik / Stringerსაპატრიარქი
საპატრიარქი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2026
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩია - პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი
სამი კანდიდატიდან საბოლოოდ პატრიარქს გაფართოებული საეკლესიო კრება ფარული კენჭისყრით შეარჩევს.
თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებთან.
28 აპრილს გამართულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი გამოარჩიეს - კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).
ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა. სამივე სასულიერო პირი, რომლებმაც დღევანდელ სინოდის სხდომაზე ხმათა უმრავლესობა მიიღეს, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
როგორც მემეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქო ტახსტის მოსაყდრემ სინოდის გაფართოებულ სხდომაზე მეტი მხარდაჭერაც მიიღოს, ვიდრე დღეს.
„კანდიდატებს ყველანი ვიცნობთ. არ ვიცი, რა იქნება გაფართოებულ სინოდზე. უკვე გასაგებია, ღვთის ნება როგორია, დღეს ეს უკვე ცხადია. გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ - გაფართოებულ კრებაზე მოსული ადამიანები მხოლოდ აზრს გამოთქვამენ. დღეს ითქვა, თითოეულ ეპარქიას ამისთვის სამი წუთი მიეცესო. წარმოუდგენელია, 1 500-მა კაცმა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, გაფართოებულ კრებას ერთადერთი იმ მხრივ აქვს მნიშვნელობა, რომ ისტორიული მოვლენაა. ადამიანებს, ვინც მას დაესწრებიან, ექნებათ შეგრძნება, რომ მონაწილეობა მიიღეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
გაფართოებულ კრებაზე, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არაუგვიანეს 17 მაისისა გაიმართება, შერჩეულ კანდიდატებს შორის საქართველოს 142-ე პატრიარქს აირჩევენ - არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
გაფართოებული კრების მოწვევის თარიღი დადგენილია ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით – კრება იმართება პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) ასრულებს - ილია მეორემ მიტროპოლიტი შიო (ელიზბარ) მუჯირი თანამოსაყდრედ 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული კრება, რომელშიც შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0