ოპოზიცია და სანქციები: ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრების გამო მკაცრი ბრალდებები გაისმა

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2026
გამოწერა
გასულ კვირაში „ოპოზიციის ალიანსმა“ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან შეხვედრა გამართა
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლები განიხილავენ არა მხოლოდ სანქციების თემას, არამედ უფრო რადიკალურ სცენარებსაც და მსგავსი საკითხები უცხოელ დიპლომატებთან დიალოგის საგანი არ უნდა ხდებოდეს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით ლონდონის სანქციები ყველაზე ქმედითი გამოდგა და მათი გაგრძელება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, „ოპოზიციის ალიანსი“ ემხრობა მიდგომას „შიგნით - აქცია, გარეთ - სანქცია, ასევე ალტერნატივის შეთავაზება“. გვარამიამ დიპლომატთან გამართული შეხვედრა წარმატებულად შეაფასა.
„კოლექტიური ნაცმოძრაობის" ნებისმიერი წარმომადგენელი სანქციების თემასაც განიხილავს და, ალბათ, უფრო მეტსაც - რევოლუციის ხელშეწყობის თემას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთის ელჩმა ამას უნდა უსმინოს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებებზე ბრიტანეთის ელჩის მხრიდან კომენტარის არარსებობა შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ასეთ მიდგომებთან ირიბი თანხმობა.
„თუკი ამ დღეების განმავლობაში განცხადებას არ აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ გარკვეულწილად არის თანამოაზრე იმ მიდგომებისა, რომელიც აქვს ნიკა გვარამიას თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
თავის მხრივ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ უკვირს ბრიტანეთის ელჩის მზაობა, შეხვდეს და აწარმოოს მოლაპარაკებები „ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ სუბიექტებთან".
„ანტიქართული ძალები უცხო ძალებთან კოორდინაციით იწონებენ თავს. არ გაგვიკვირდება თუ სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან შეხვედრას ისინი თავის სიძლიერედ აღიქვამენ. ერთი რაც ნამდვილად მიკვირს, ეს არის თავად ბრიტანეთის ელჩის სურვილი ან მზაობა, რომ ანტიკონსტიტუციურ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ ძალებს შეხვდეს და რაიმე მოლაპარაკება აწარმოოს მათთან“, - აღნიშნა წილოსანმა.
როგორც პოლიტიკოსმა განაცხადა, საინტერესო იქნებოდა აღნიშნულ საკითხზე თავად ელჩის მხრიდან ახსნა-განმარტების მოსმენა.
საქართველო და დიდი ბრიტანეთი
ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე, 2024 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა განაცხადა, რომ ლონდონმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული „უორდროპის დიალოგი“ და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები. დიალოგი, რომელიც 2014 წელს დაფუძნდა, ამ პერიოდის განმავლობაში პირველად შეჩერდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პროდასავლური კურსიდან თითქოსდა უკანდახევის გამო.
უორდის თქმით, საქართველოში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობის დაკავების პირველივე თვეებში მას მოუწია ნათლად გამოეხატა თავისი ქვეყნის შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების „დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის“ შესახებ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ატარებს ოლივერ უორდროპის სახელს, რომელიც 1919-1921 წლებში საქართველოში დიდი ბრიტანეთის პირველი უმაღლესი კომისარი იყო. ის მოიცავს თანამშრომლობის ისეთ სფეროებს, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა და ვაჭრობა.
ამასთან, 2025 წლის აპრილში, დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართველი ჩინოვნიკების რაოდენობა 11-მდე გაიზარდა.
პირველი სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაწესდა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის, შსს-ს მაღალჩინოსნების სულხან თამაზაშვილის, მილერ ლაგაზაურის, ზვიად ხარაზიშვილისა და ალექსანდრე დარახველიძის წინააღმდეგ. 2025 წლის 2 აპრილს სანქციების ქვეშ მყოფთა სიას მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის მტკიცებით, სანქციები 2024 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში საქართველოში ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმების საპასუხოდ იქნა შემოღებული.
2026 წლის 24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ანტირუსული სანქციების ფარგლებში ქართული ტელეკომპანიები - Imedi და POSTV შავ სიაში შეიყვანა და მედიასაშუალებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ყველა ახალი ამბავი
0