რუსი იუნიორი ტანმოვარჯიშეები ევროპის თასს საერთაშორისო ბარიერების გამო გამოტოვებენ

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიტანმოვარჯიშეები
ტანმოვარჯიშეები - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2026
გამოწერა
European Gymnastics-მა ტურნირის განრიგის შეცვლის შეუძლებლობაზე აპელირებით უარი განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომლებიც გუნდურ სახეობებში იუნიორი სპორტსმენების უფლებების დაცვას ითვალისწინებს
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. 2026 წლის ევროპის თასზე რუსი იუნიორი ტანმოვარჯიშეები ჯგუფურ ვარჯიშებში ასპარეზობას ვერ შეძლებენ, რისი მიზეზი ნეიტრალური სტატუსის გაფორმების გაჭიანურებული პროცედურები და European Gymnastics-ის მხრიდან რეგისტრაციაზე მიღებული უარი გახდა, ნათქვამია რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციის მიერ გავრცელებულ მასალებში.
საუბარია გუნდზე, რომელიც საერთაშორისო სტარტისთვის ემზადებოდა, თუმცა მათი მონაწილეობა არა სპორტული, დისციპლინური ან სამედიცინო, არამედ ადმინისტრაციული მიზეზების გამო გახდა შეუძლებელი. გადამწყვეტ ფაქტორად World Gymnastics-სა (რომელიც ნეიტრალურ სტატუსს გასცემს) და European Gymnastics-ს (ევროპის თასის ორგანიზატორი) შორის პროცედურების არასინქრონულობა დასახელდა.
რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციამ სპორტსმენებისთვის ნეიტრალური სტატუსის მისაღებად დოკუმენტაცია მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისში წარადგინა. ანა გრიაზნოვას, ვლადისლავა გაივორონსკაიას, ელიზავეტა მალაშენკოსა და ალექსანდრა პონომარიოვას განაცხადები 25 მარტს გაიგზავნა, კირა პრინის შესახებ — 26 მარტს, მიროსლავა მონინაზე — 1 აპრილს, ხოლო ალისა კირპიჩევასა და ელვირა ბელიაევაზე — 3 აპრილს.
იმავე დღეს რუსულმა მხარემ World Gymnastics-ს ნეიტრალური სტატუსის მინიჭების პროცესის დაჩქარებისა და სპორტსმენების დოპინგ-ტესტირების ჯგუფში ჩართვის თხოვნით მიმართა. თუმცა, ორგანიზაციამ მათ შეატყობინა, რომ სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით, მათი ოფისი 7 აპრილამდე დაკეტილია.
სპორტსმენთა ნაწილზე გადაწყვეტილება მხოლოდ 14 აპრილს გახდა ცნობილი. ნეიტრალური სტატუსი მაშინ ალექსანდრა პონომარიოვამ, ელიზავეტა მალაშენკომ, ანა გრიაზნოვამ და ვლადისლავა გაივორონსკაიამ მიიღეს. დარჩენილ ტანმოვარჯიშეებთან დაკავშირებით რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციამ დამატებითი მოთხოვნები 15, 20 და 21 აპრილს გააგზავნა, მათ შორის მიმართეს World Gymnastics-ის პრეზიდენტ მორინარი ვატანაბეს.
დარჩენილი გადაწყვეტილებები World Gymnastics-მა 22 აპრილს გამოაგზავნა. ნეიტრალური სტატუსი მიენიჭათ ალისა კირპიჩევას, ელვირა ბელიაევას, კირა პრინსა და მიროსლავა მონინას. ამის შემდეგ რუსულმა მხარემ სპორტსმენების დოპინგ-ტესტირების ჯგუფში ჩართვის დაჩქარება კვლავ მოითხოვა. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ „ყველაფერს აკეთებდნენ“, 23 აპრილს კი ტანმოვარჯიშეები შესაბამის სიაში შეიყვანეს.
იმ დროისთვის ევროპის თასზე რეგისტრაციის პროცედურები, ფაქტობრივად, უკვე დასრულებული იყო. შეჯიბრების წილისყრა 11 აპრილს გაიმართა. 21 აპრილს European Gymnastics-მა მხარეს აცნობა, რომ წილისყრის შემდეგ რუსი იუნიორთა ჯგუფის დამატება შეუძლებელი იყო, 22 აპრილს კი განმარტა, რომ ორგანიზაციის აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, წილისყრის შემდგომ განაცხადები აღარ მიეღო.
ამასთან, European Gymnastics-მა აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციებში შესაძლებელია სპორტსმენების სარეგისტრაციო სისტემაში წინასწარ შეყვანა pending- სტატუსით. თუმცა, არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ ამ შესაძლებლობის შესახებ რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციამ მხოლოდ წილისყრის დასრულების შემდეგ შეიტყო.
აღნიშნული სიტუაცია განსაკუთრებით საგულისხმოა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პოზიციის ფონზე. 2025 წლის 11 დეკემბერს IOC-მა განაცხადა, რომ რუსული ან ბელარუსული პასპორტის მქონე ახალგაზრდა სპორტსმენებს საერთაშორისო იუნიორთა შეჯიბრებებზე — როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ სახეობებში — წვდომა არ უნდა შეეზღუდოთ. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ფედერაციებსაც მისცა რეკომენდაცია, ანალოგიური მიდგომა საკუთარ იუნიორთა ტურნირებზეც გამოეყენებინათ.
ამგვარად, რუსმა იუნიორებმა გათვალისწინებული მოთხოვნები შეასრულეს, ხოლო რუსეთის ტანვარჯიშის ფედერაციამ დოკუმენტები დროულად წარადგინა და პროცედურების დაჩქარება არაერთხელ მოითხოვა. თუმცა, სპორტსმენების ნაწილის ნეიტრალურ სტატუსზე გადაწყვეტილება მხოლოდ ევროპის თასის რეგისტრაციის საკვანძო ეტაპების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნული შემთხვევა ცხადყოფს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საჯარო პოზიციასა — რაც ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს — და ცალკეული საერთაშორისო სპორტული სტრუქტურების პრაქტიკას შორის არსებულ განხეთქილებას. ფორმალურად საუბარია ადმინისტრაციულ ვადებსა და რეგლამენტით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე, თუმცა, ფაქტობრივი შედეგი გახდა იუნიორთა გუნდის ჩამოშორება იმ ტურნირიდან, რომლისთვისაც სპორტსმენები რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0