სონღულაშვილი: იგეგმება ხორბლის სექტორის მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შემუშავება

© Ministry of Environmental Protection and Agricultureხორბალი
ხორბალი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. იგეგმება ხორბლის სექტორის მხარდაჭერის ახალი მექანიზმების შემუშავება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ხორბლის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
შეხვედრის მიზანი, რომელიც დარგობრივი საბჭოს ფორმატში გაიმართა, სექტორსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციის გაძლიერება და ხორბლის წარმოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა იყო - მონაწილეებმა სექტორში არსებული გამოწვევები და განვითარების მიმართულებები განიხილეს.
მინისტრის განცხადებით, ხორბლის სექტორი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და ამ მიმართულებით დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იგეგმება.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის ძირითადი გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დარგი. აღსანიშნავია, რომ რეგიონების მიხედვით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებული გამოწვევებია, რის გათვალისწინებითაც ვიმსჯელეთ ერთიანი მექანიზმების შექმნაზე, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან იქნება მხარდაჭერილი. ამ მექანიზმებთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება სოფლის განვითარების სააგენტოსთან და მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რაც ფერმერებმა დააყენეს“, - განაცხადა სონღულაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული თესლის ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე და მცირე და საშუალო ფერმერებისთვის სასაწყობე ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზე. დისკუსიის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, რაც პირდაპირ აისახება პროდუქციის ხარისხსა და კონკურენტუნარიანობაზე.
გარდა ამისა, აქცენტი გაკეთდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობასა და მართვაზე, მათ შორის საირიგაციო ტარიფების საკითხზე და სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმების ეფექტიანობაზე.
ფერმერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წელს უხვმა ნალექმა გარკვეული სირთულეები შექმნა, თუმცა სახელმწიფოს მხარდაჭერის პირობებში კარგი მოსავლის მოლოდინი აქვთ.
საქართველოში ხორბლის მოსავლის აღება, როგორც წესი, ივლისსა და აგვისტოში ხდება. რეგიონის მიხედვით, პროცესი შეიძლება სექტემბრამდე გაგრძელდეს.
ხორბალი მოჰყავთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მაგრამ ყველაზე დიდი ნათესები ქვეყნის ე.წ. ღვინის რეგიონში - კახეთში, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს რაიონებში და ცოტა საგარეჯოშია. დედოფლისწყაროში 55 ათასი ჰექტარი სახნავი მიწაა, რომლის 80%-მდე ხორბალსა და ჭვავს უკავია.
ხორბლის ყანებია ქვემო ქართლშიც: ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის რაიონებში, ნათესებია წალკაში, ბოგდანოვკაში, ახალქალაქსა და ახალციხეში, მაგრამ ეს მთიანი მხარეა, ამიტომ მოსავალი გვიან მწიფდება. ხორბლის მცირე ყანები არის შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ გორისა და ქარელის რაიონებში.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ხორბლის წარმოება 135-150 ათასი ტონის ფარგლებშია.
ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შეადგენს საშუალოდ 22%-ს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2017-2020 წლების მაჩვენებელს, როდესაც კოეფიციენტი, საშუალოდ, 15% იყო.
წლის განმავლობაში საქართველო დაახლოებით 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ფქვილის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 78%) შემოდის რუსეთიდან, რომელიც ასევე მარცვლის უდიდესი მომწოდებელიცაა.
ყველა ახალი ამბავი
0