პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება: მინისტრის მოადგილე ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვაზე

© photo: Sputnik / Stringerბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2026
გამოწერა
ცინცაძის თქმით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ დოლარს გადააჭარბა.
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს თვეებში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციების გაგრძელებას პროგნოზირებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქატატის" მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა და 5,8 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 4,1 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით ნაკლები. ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 23,4%-ით მეტი.
„საქართველოს საგარეო ვაჭრობაში პოზიტიური ტენდენციები გრძელდება, რაც განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მკვეთრ ზრდაში აისახა“, - განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, მარტში ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მოცულობა დაფიქსირდა, წლიურად დაახლოებით 83%-ით გაიზარდა და 463 მლნ დოლარს გადააჭარბა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, იანვარ-მარტში ექსპორტისა და ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები ასევე რეკორდული იყო: ადგილობრივი ექსპორტი იანვარ-მარტში დაახლოებით 75%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 1,1 მლრდ დოლარს აღემატება.
„საგარეო ვაჭრობის მიმდინარე შედეგების მიხედვით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს გააჩნია სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ეხმარება კერძო სექტორს რომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი განახორციელონ მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში“, - განაცხადა ცინცაძემ.
საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები 46 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, რაც ქვეყნის ექსპორტის 87%-ს მოიცავს. მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს ევროკავშირთან, ჩინეთთან, ჰონგ-კონგსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.
ყველა ახალი ამბავი
0