საქართველოს საპატრიარქო ილია II-ის სულის მოსახსენიებლად მე-40 დღეს ლოცვისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
გარდა ლოცვისა, მნიშვნელოვანია მოყვასისათვის სიკეთის ქმნა, აღნიშნავენ საპატრიარქოში.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულის დამკვიდრებისთვის იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება, ამიტომ 25 აპრილს მორწმუნეებმა განსაკუთრებით უნდა ილოცონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სულისთვის, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი თირკმლის, ფილტვის და გულის უკმარისობა გახდა. მისი პატრიარქობა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი იყო.
"მოგეხსენებათ, ქრისტიანული სწავლებით, ამქვეყნად აღსრულებულ საქმეთა მიხედვით, მე-40 დღეს ხდება სულის დამკვიდრება იმ ადგილზე, რომელიც აღარ შეიცვლება მეორედ მოსვლამდე; მეორედ მოსვლისას კი ხელახლა მოხდება საბოლოო ადგილის მიკუთვნება გარდაცვლილისთვის მის სახელზე შემდეგ აღსრულებულ სხვა სიკეთეთა გათვალისწინებით", - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
საპატრიარქოს განცხადებით, გარდა ლოცვისა, მნიშვნელოვანია მოყვასისათვის სიკეთის ქმნა.
ამასთან, ილია II-ის სურვილი იყო რომ, ღვთის სადიდებლად, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა და მას სამუდამოდ განვშორებოდით, წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.
"თუ თითოეული ჩვენგანი ამას ჩვენი პატრიარქის სახელზეც გავაკეთებთ, წარმოიდგინეთ, უფლის რაოდენ დიდი მადლი და წყალობა მოეფინება ჩვენს ერს, როგორ გავახარებთ ამით მის უწმინდესობასა და უნეტარესობას და როგორი დიდი შეწევნა იქნება ეს (როგორც ჩვენი, ისე) მისი სულისთვის", - აღნულია ინფორმაციაში.
როგორც ამ კვირის დასაწყისში გახდა ცნობილი, წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის სამი კანდიდატი დასახელდება, 28 აპრილს გაიმართება.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.
ყველა ახალი ამბავი
0