ანალიტიკოსები საქართველოში ტურიზმის ზრდას დაბალი ტემპებით პროგნოზირებენ

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2026
გამოწერა
ანალიტიკოსების პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა საქართველოში დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება, ასეთია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის პროგნოზში.
ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარზე სავარაუდოდ იმოქმედებს ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ.
„თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურისტების ზრდა, ასევე, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს ტურისტების საერთო ზრდას 2026 წელს“, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ამასთან, ანალიტიკოსების აზრით, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს.
2026 წლის იანვარ-მარტში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,3 მილიონი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 1,1%-ით ნაკლებია. გარდა ამისა, ამ პერიოდში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს - 1 მილიონს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით მეტია.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4,9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.
„ეს მაჩვენებელი შემცირებულია ჩვენს თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით (5 მლრდ აშშ დოლარი) და ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის ესკალაცია მოკლევადიანი იქნება“, - ნათქვამია ანგარიშში.
2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობებიდან შემოსავალმა დაახლოებით 4,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (6%-ით მეტი). 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა - 697,3 მილიონი აშშ დოლარი რუსეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა დახარჯეს. ხუთეულში ასევე შედიოდნენ ევროკავშირის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ისრაელის მოქალაქეები.
ყველა ახალი ამბავი
0