რამდენი ელექტროენერგია გამოიმუშავა ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა

ქარის ელექტროსადგური
ქარის ელექტროსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2026
გამოწერა
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოში ერთადერთმა ქარის ელექტროსადგურმა „ქართლმა" 2025 წელს 79,4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2,3%-ით მეტია 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გორთან მდებარე ქარის ელექტროსადგური „ქართლი" 2016 წლიდან ფუნქციონირებს, რომლის სიმძლავრე 20 მეგავატია.
საქართველოში 2025 წელს ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და 14,9 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. ამ პერიოდში საქართველოში გამომუშავდა 13,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 2,8%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.
„გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,9 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 2,7 მლრდ კვტ/სთ", - ნათქვამია განცხადებაში.
ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა მთელ მსოფლიოში არსებული ტენდენციაა, ეს ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს მთავრობისთვის. ქვეყანა ენერგეტიკულ სისტემაში მზისა და ქარის ენერგიების ინტეგრაციის გაძლიერებას აპირებს. ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე 2030 წლისთვის საქართველოში შეიძლება სერიოზული ენერგოდეფიციტი შეიქმნას.
ამასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შემუშავდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა, რომელიც ითვალისწინებს მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1.500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
მთავრობის გეგმებშია დარგის დაჩქარებული განვითარება, რისთვისაც უახლოეს ორ–სამ წელიწადში 3–4 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციებს მოიზიდავენ.
განახლებადი ენერგეტიკის განვითარების სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ მოიხმარა 14,4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2023 წლის მონაცემებზე 5,1%-ით მეტია.
2024 წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2023 წლის მონაცემზე 1,1%-ით ნაკლებია.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 11,3 მილიარდი კილოვატ საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,8 მილიარდი კილოვატ საათი.
ყველა ახალი ამბავი
0