2026 წლის პირველ კვარტალში ღვინის ხარისხის კონტროლის მაჩვენებლები გაუმჯობესდა

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შემოწმების შედეგად არც ერთი დარღვევა არ გამოვლინდა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ინსპექტირება გულისხმობს საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. სახელმწიფოს პრიორიტეტია ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
„2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 216 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა", - ნათქვამია განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 22 კომპანიის ინსპექტირების შედეგად აღებული 51 ნიმუშიდან დარღვევა 3 კომპანიის 6 ნიმუშში დაფიქსირდა.
აღნიშნულ პერიოდში 4 კომპანიაში განხორციელდა 10 სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას ისახავს მიზნად. აღებული 15 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, განხორციელებული 6 კონტროლის ფარგლებში შემოწმდა 56 კომპანიის 101 ნიმუში. დარღვევა დაფიქსირდა 33 კომპანიის 49 ნიმუშში.
სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის მონიტორინგს, რათა ქართული ღვინო სრულად აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ინარჩუნებდეს კონკურენტუნარიანობას და გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0