ძიუდო: საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია: დღეს 3 ძიუდოისტი იასპარეზებს

© European Judo Unionსაქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2026
გამოწერა
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში მიმდინარე 2026 წლის კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ხუთი მედალია.
ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, მსოფლიო ჩემპიონმა ლუკა მაისურაძემ ფინალურ შეხვედრაში სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა, ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. გარდა ამისა, ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ).
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ხუთი მედალია: სამი ოქრო და ორი ვერცხლი. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა იზეიმეს, ვერცხლის მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მეოთხე დღეს სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.
100 კგ წონით კატეგორიაში გამოვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი გურამ თუშიშვილი, რომელიც მერვედფინალში კვიპროსელ ანტონიოუსა და უკრაინელ ხამოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-100კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ილია სულამანიძე – პირველ წრეში მისი მეტოქე ბრიტანელი ოლივერ ბარატი იქნება.
ქალთა შორის 78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაერთვება – მისი მეტოქე ხორვატი ელენა ვუკოვიჩია.
„თბილისი არენაზე“ წინასწარი შეხვედრები 10:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 16:00 საათიდან გაიმართება.
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა. თბილისში ევროპის ჩემპიონატი 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0