მეუფე შიო: მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgia
გამოწერა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. უნდა ვილოცოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თომას კვირას, კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.
კვირაცხოვლობა — აღდგომის განახლებაა, ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
როგორც მეუფე შიომ განაცხადა, მშვიდობა ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას და უნდა ვიღვაწოთ მშვიდობისთვის, უნდა ვიზრუნოთ მშვიდობის დამკვიდრებაზე როგორც ჩვენს სულებში, ასევე ჩვენ გარშემო.
„უფლის მიერ მოცემული მშვიდობა განსხვავდება ამასოფლიური მშვიდობისგან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ იძლევა ნამდვილ მშვიდობას ვერც ღმერთთან და ვერც ადამიანებთან. ამის დასტურია მთელი კაცობრიობის ისტორია: საუკუნეები გადის, ადამიანები ცდილობენ, მაგრამ მშვიდობა კი არ მტკიცდება მსოფლიოში, არამედ რას ვხედავთ, რომ სულ უფრო და უფრო სახიფათო და საშიში ხდება ამ დედამიწაზე ცხოვრება.", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს დაპირისპირებული ადამიანების გამთლიანება, გაერთიანება, მათი ნების შეერთება და ერთსულოვნების, ერთობის განწყობის დამკვიდრება.
როგორც მეუფემ ბრძანა, მშვიდობის მოსაპოვებლად არის რამდენიმე მთავარი პირობა: ერთი, რომ უნდა იყოს ურთიერთგაგება ადამიანებს შორის; მეორე - უნდა იყოს კეთილი და მოსიყვარულე დამოკიდებულება ადამიანებს შორის და მესამე არის მიმტევებლობა, პატიების უნარი.
„აი, ეს სამი მთავარი პირობაა, რომლებიც მიიღწევა ადამიანების ძალისხმევით და ღვთის შეწევნით, ეს ორივე ერთად უნდა იყოს. გახსოვთ, ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია რომ ხშირად გვახსენებდა ამ სინერგიის შესახებ სწავლებას?! ორივე ნება უნდა იყოს, მარტო ჩვენი ნებით, რაც არ უნდა ვეცადოთ, მშვიდობას ვერ დავამყარებთ, თუ არ შეგვეწია ამაში ღმერთი. აი, ეს სამი პირობაა, როგორც გითხარით, უმთავრესი", - განაცხადა მეუფე შიომ.
ქადაგების დასასრულს მოსაყდრე შიომ მორწმუნეებს კვირაცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
„მკვდრეთით აღდგომილმა იესო ქრისტემ, რომელმაც დღეს თავისი მშვიდობა მისცა მოციქულებს, დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს საქართველო და მოგვცეს ჩვენ თავისი მშვიდობა, სიყვარული და ერთსულოვნება. ამინ!", - აღნიშნა მეუფე შიომ.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები. ამ შეხვედრას არ ესწრებოდა თომა, რომელსაც გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა და თაყვანი სცა მაცხოვარს. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება.
უფალმა უთხრა მას: “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს და დიდი მადლით იმოსება. მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.