ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში გაიზარდა - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2026
გამოწერა
2025 წელს საქართველოს გენერაციამ 13,8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 2,8%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.
თბილისი, 18 აპრილი - Sputnik. 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის ვებგვერდზე (ESCO) არსებულ მონაცემებში.
2025 წელს საქართველოს გენერაციამ 13,8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა - 2,8%-ით ნაკლები 2024 წელთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,9 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 2,7 მილიარდი კვტ სთ, ხოლო „ქართლის“ ქარის ელექტროსადგურმა 79,4 მილიონი კვტ/სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
ოპერატორის მონაცემებით, ექსპორტი 51,2%-ით შემცირდა 2024 წელთან შედარებით და 511,2 მლნ კვტ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა - 401,4 მლნ კილოვატი, ასევე სომხეთში - 52,4 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანში - 50,2 მლნ კვტ/სთ, რუსეთში - 7,2 მლნ კვტ/სთ.
გარდა ამისა, 2025 წელს საქართველომ 1,6 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, რაც 26,9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით.
ამ იმპორტის 62,4% განხორციელდა რუსეთიდან (971,2 მილიონი კილოვატ-საათი), 26,8% - აზერბაიჯანიდან, (417,3 მილიონი კილოვატ-საათი) და 8,3% - სომხეთიდან (128,5 მილიონი კილოვატ-საათი).
2025 წელს საქართველომ თურქეთისგან მხოლოდ 40,5 მილიონი კილოვატ-საათი შეიძინა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2024 წელს მოიხმარეს 14,4 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 5,1%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 1,1%-ით მეტია, ვიდრე 2023 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0