პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2026
გამოწერა
მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი საქართველოში შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად არ ჩაითვლება
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო.
კანონმდებლებმა 75 ხმით მხარი დაუჭირეს ცვლილებას, რომლის თანახმადაც რიგ შემთხვევებში უცხოელს, შესაძლოა, უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს.
აღნიშნული შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როდესაც შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს.
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 1-ელი მარტიდან სპეციალური დადგენილებით ქვეყანაში სრულად შეზღუდა რიგ პროფესიებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება.
ცვლილებების თანახმად, უცხოელს უფლება ექნება საქართველოში განახორციელოს მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობა შრომითი საქმიანობის უფლებისა და შესაბამისი ბინადრობის ნებართვის გარეშე, თუ აღნიშნული საქმიანობა დროებითი ვიზიტის ფარგლებში ხორციელდება, არ წარმოადგენს ხანგრძლივ დასაქმებას ადგილობრივ შრომის ბაზარზე და დაკავშირებულია კონკრეტულ მოკლევადიან პროექტთან, ღონისძიებასთან ან მომსახურებასთან.
უცხოელის მიერ მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობების ჩამონათვალი, ხანგრძლივობა და მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად მიჩნევის კრიტერიუმები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელი უცხოელი საქართველოში შრომით იმიგრანტად ან თვითდასაქმებულ უცხოელად არ ჩაითვლება.
კანონპროექტის თანახმად, „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობას და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას, თუ იგი:
არის საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე გაცემული მოქმედი სპეციალური ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;
საქართველოში ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას და საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
საჯარო დაწესებულების ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოს სასარგებლოდ ახორციელებს საქმიანობას;
შრომით საქმიანობას სრულად ადგილობრივი დამსაქმებლისთვის დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს;
შრომით საქმიანობას/მომსახურების გაწევას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ ახორციელებს და შრომითი საქმიანობა/მომსახურების გაწევა უკავშირდება არარეზიდენტი პირის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ საქმიანობის განხორციელებას.
ცვლილებების დეტალები
კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს დიფერენცირებულ მიდგომას შრომითი საქმიანობის ხანგრძლივობისა და სპეციფიკის მიხედვით, რაც ყველა ტიპის პროფესიულ აქტივობას სტანდარტულ საიმიგრაციო პროცედურებში აქცევს.
ცვლილებების ავტორების თქმით, პრაქტიკულმა გამოწვევებმა აჩვენა, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელი სპეციალისტის ვიზიტი მოკლევადიან ხასიათს ატარებს და დაკავშირებულია კონკრეტულ, ერთჯერად პროექტთან ან მომსახურებასთან, საერთო საიმიგრაციო ფილტრების გამოყენება ზედმეტ ადმინისტრაციულ ბარიერებს ქმნის.
„ასეთი მიდგომა ხშირად შეუთავსებელია გადაუდებელი პროფესიული ამოცანების შესრულების ვადებთან, რაც ხელს უშლის ეკონომიკურ და ოპერატიულ პროცესებს. შესაბამისად, პრიორიტეტული გახდა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობების ბიუროკრატიული ზეწოლისგან გათავისუფლებისა და ცალკე რეჟიმად ჩამოყალიბების აუცილებლობა“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცვლილებები მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს მოკლევადიანი პროფესიული ვიზიტების სამართლებრივ ლეგალიზაციას ბინადრობის ნებართვის მიღების ვალდებულების გარეშე.
კერძოდ, საუბარია საჯარო დაწესებულებებსა და სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებას, აგრეთვე დისტანციური შრომის ისეთ ფორმებს, როგორიცაა ადგილობრივი დამსაქმებლის სასარგებლოდ სხვა ქვეყნიდან მუშაობა ან არარეზიდენტი პირისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევა.
ასევე რეგულაციებისგან თავისუფლდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის საწარმოებში ხელმძღვანელობითი ან აუდიტის კომიტეტში საქმიანობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას.
ცვლილებების ავტორების თქმით, ეს გაამარტივებს წესებს და გაზრდის მუშაობის ეფექტურობას ამ სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0