სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და ჯარიმები იზრდება

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.
ცვლილებები „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შედის - ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს მთავრობამ მიმართა.
დაგეგმილი ცვლილებების თანახმად:
სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 ათასი ლარის ნაცვლად, 20 ათასი ლარით განისაზღვრება;
სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელები სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის 1 ათასი ლარის ნაცვლად, 10 ათასილარით დაჯარიმდებიან;
აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელებს 2 ათასი ლარის ნაცვლად 10 ათასი ლარი დაეკისრებათ;
აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 ათასი ლარის ნაცვლად, 10 ათასი ლარით განისაზღვრება;
სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა კი 7 ათასი ლარის ნაცვლად, 20 ათასი ლარი იქნება.
როგორც კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, ამჟამად მოქმედი ჯარიმების ოდენობა რეალურ შემაკავებელ ფუნქციას ვერ ასრულებს და ეფექტიან პრევენციას ვერ უზრუნველყოფს რადგან ნებართვის მფლობელისათვის ხშირ შემთხვევაში უფრო ეკონომიკურად მიზანშეწონილია სანებართვო პირობების დარღვევა და შემდეგ ჯარიმის გადახდა, ვიდრე დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვა.
საქართველოში ონლაინ-კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრების ინიციატივა ექს- პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პირველ ეტაპზე ქვეყანაში ონლაინ-კაზინოსთვის გადასახადი გაიზარდა 65–70%-ით, აიკრძალა რეკლამა და დაწესდა მომხმარებლების ასაკობრივი ბარიერი 25 წლამდე. ასევე შედგა იმ პირთა ბაზა, რომლებსაც ეკრძალებათ ონლაინ-კაზინოში თამაში.
აზარტული თამაშები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკების შემოსავლებს აჭარბებს. საქართველოში ლუდომანების რაოდენობის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია.
ყველა ახალი ამბავი
0