ხელისუფლების ცვლილება ცვლილებების გარეშე? რას ამბობენ უნგრეთის არჩევნებზე საქართველოში

CC BY 2.0 / Neilhooting / Parliament Building, Budapestუნგრეთის დროშა
უნგრეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ორბანის ფიგურა ბრიუსელისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი „ფარის“ ფუნქციას ასრულებდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, გადაწყვეტილებების მიღების დაყოვნება, მათ შორის უკრაინის დაფინანსების საკითხებში, სწორედ მისთვის გადაებრალებინათ.
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება ქვეყნის პოლიტიკური ლოგიკის შეცვლას არ გამოიწვევს - ახალმა კაბინეტმა შეიძლება შეცვალოს რიტორიკა და ბრიუსელისთვის უფრო მისაღები გამოჩნდეს, თუმცა ძირითადი პრიორიტეტები იგივე დარჩება, მიაჩნია პარტია „ხალხის ძალის“ წევრ დავით ქართველიშვილს.
12 აპრილს გამართული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები მადიარის პარტიის გამარჯვებით დასრულდა. ამომრჩეველთა ხმების 98,79%-ის დათვლის შედეგებით, ლიდერობს ოპოზიციური პარტია „ტისა“, რომელიც, წინასწარი შეფასებით, ქვეყნის პარლამენტში 199 ადგილიდან 138-ს მოიპოვებს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა და აღნიშნა, რომ მისი პარტია „ფიდესი“ ქვეყნის სამსახურს ოპოზიციაში ყოფნის დროსაც გააგრძელებს.
„ახალ კაბინეტს შეუძლია უფრო რბილად ილაპარაკოს, ბრიუსელისთვის უფრო მისაღები ჩანდეს და დემონსტრაციულად აღარ აჟღერებდეს მოსკოვთან ძველ პირად კავშირებს, მაგრამ იგი მაინც იმავე პოლიტიკური მათემატიკის მძევალი დარჩება - არ დაუშვას ქვეყნის ჩათრევა სხვის ომში და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდა დანაკარგები“, - დაწერა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უნგრეთში ხელისუფლების ცვლილება არ ნიშნავს პრაგმატულ საგარეო პოლიტიკაზე უარს. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ცენტრალური ევროპა საბოლოოდ ტოვებს „პოლიტიკური რომანტიზმის" ეპოქას და ცივ, ეროვნულ გათვლაზე დაფუძნებულ მოდელზე გადადის.
„ყოველი მთავრობა, მიუხედავად ლიდერთა გვარებისა, იძულებული იქნება იხელმძღვანელოს არა იდეოლოგიური სიმპათიებით, არამედ იმ ფასით, რომელსაც საკუთარი საზოგადოება იხდის. სწორედ ამიტომ ხელისუფლების ცვლილება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთია, არ ნიშნავს თავად ქცევის ლოგიკის შეცვლას", - განაცხადა ქართველიშვილმა.
ქართველიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორბანის ფიგურა ბრიუსელისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთგვარი „ფარის“ ფუნქციას ასრულებდა, რაც მათ საშუალებას აძლევდა, გადაწყვეტილებების მიღების დაყოვნება, მათ შორის უკრაინის დაფინანსების საკითხებში, სწორედ მისთვის გადაებრალებინათ. მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ უნგრეთის ახალი ხელისუფლება მსგავს ინიციატივებს არ დაბლოკავს, ევროკავშირს მოუწევს ან დამატებითი სახსრების მოძიება, ან საკუთარი პოლიტიკის შეზღუდული შესაძლებლობების აღიარება.
პოლიტიკოსის შეფასებით, უახლოეს წლებში ევროპული ქვეყნები სულ უფრო ხშირად იხელმძღვანელებენ შიდა ინტერესებით და შეამცირებენ საგარეო ვალდებულებების დონეს. ეს კი, ანალიტიკოსის პროგნოზით, ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების პროცესს შეცვლის — წინააღმდეგობები საჯარო სივრცეში უფრო იშვიათად გამოჩნდება, თუმცა უფრო ხშირად იჩენს თავს შეთანხმებების აღსრულების ეტაპზე.
ქართველიშვილმა დასძინა, რომ ევროპა „სტრატეგიული თვითშეზღუდვის ეტაპზე“ გადადის, სადაც პრიორიტეტული გახდება რისკებისა და შიდა დანახარჯების მინიმიზაცია და არა იდეოლოგიური ნორმები.
„უახლოეს წლებში რეგიონის მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი იქნება არა გამარჯვება, არა ღირებულებები და არა ისტორიული მისია, არამედ გადარჩენის მშრალი ფორმულა: ნაკლები ვალდებულება, ნაკლები რისკი, ნაკლები სხვისი კრიზისი საკუთარი ხარჯით. სწორედ ეს არის ახალი წესრიგი - მკაცრი, ცინიკური და უკიდურესად ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული", - განაცხადა ქართველიშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პეტერ მადიარს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა.
საქართველო და უნგრეთი
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნებს შორის ურთიერთობები სწრაფად განვითარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მოვიდა.
უკვე 2013 წელს შეიქმნა ეკონომიკური თანამშრომლობის სახელმწიფოთაშორისი კომისია, 2022 წელს კი ხელი მოეწერა დეკლარაციას სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.
პარტნიორობის ფარგლებში უნგრეთის მთავრობამ პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია საქართველოს, მათ შორის ევროკავშირის საბჭოში, როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინისა და რუსეთის მიმართ.
პრემიერ-მინისტრი ორბანი საჯაროდ ეწვია თბილისს 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა კიდევ ერთხელ ეთქვა ევროკავშირის სხვა ქვეყნებისა და "ქართული ოცნების" ოპონენტებისთვის, რომ ბუდაპეშტი სრულად აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ დაუშვებს, რომ ბრიუსელმა არამეგობრული ნაბიჯები გადადგას საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0