სამეგრელოში უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

© Environmental Supervision Departmentთევზჭერა
თევზჭერა - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სოფელ ახალ ხიბულაში, ზუბის უბანში არსებულ ღელეში მოქალაქემ ელექტროიარაღის გამოყენებით ქაშაპის სახეობის ერთი კგ თევზი მოიპოვა.
ელექტროიარაღის გამოყენებით ცდილობდა თევზჭერას მოქალაქე სოფელ საჯიჯაოშიც, მდინარე ჭანისწყალზე, თუმცა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფაქტი მანამ აღკვეთეს, ვიდრე ბრაკონიერი თევზს მოიპოვებდა.
რადგანაც ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ელექტროიარაღი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს. ელექტროიარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება კანონით დასჯადი ქმედებაა.
დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა.
ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. პრევენციული ღონისძიებები ტარდება განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბრაკონიერობის ფაქტები ბოლო წლებში შედარებით ხშირია.
საქართველოში აკრძალულია ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა.
ყველა ახალი ამბავი
0