1-ელი ივლისიდან საზკვების ობიექტებში პლასტიკის ბოთლები აიკრძალება

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიწყლის ბოთლი
წყლის ბოთლი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2026
გამოწერა
ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის საგნების ჭარბი მოხმარება დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი პრობლემაა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა
თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება და რეგულაცია 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პლასტმასის მოხმარების შემცირების მიზნით უწყების მიერ შემუშავებული რეგულაციების თანახმად:
2026 წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით აკრძალულია: პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება. ასევე აკრძალულია სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში პლასტმასის ჭიქების, კონტეინერების და პლასტმასის 3 ლიტრამდე ბოთლებით სასმლის შესყიდვა.
2026 წლის 1-ელი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის. ასევე აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება.
2031 წლის 1-ელი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. აკრძალვა არ გავრცელდება 3 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე და 20 ლიტრი და მეტი მოცულობის სხვა სასმელზე.
გასულ თვეში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება სრულად უნდა აკრძალულიყო, თუმცა, 8 აპრილს აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება ოთხი წლის ვადით, 2031 წლის 1-ელ თებერვლამდე გადავადდა - როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნეს-სექტორთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.
ბიზნესი და ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ბაზრიდან პლასტმასის ბოთლების ამოღება გამოიწვევდა ორი და მეტი ლიტრის მოცულობის გაზიანი სასმელების გაქრობას, რადგან მსგავსი მოცულობის შუშის ბოთლების წარმოება სასმელის ღირებულებას მინიმუმ 50%-ით გაზრდიდა. სხვა მოცულობის ბოთლებში ჩამოსხმული სასმელების წარმოების ღირებულება დაახლოებით 20-30%-ით გაიზრდებოდა.
პლასტიკთან ბრძოლა საქართველოში 2019 წელს დაიწყო. ქვეყანამ 2019 წლის აპრილიდან აკრძალა ნებისმიერი სიმკვრივის ერთჯერადი პლასტმასის პარკების და ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
ქვეყნის მასშტაბით პლასტმასით დაბინძურების დიაგნოსტირების რამდენიმე კვლევა განხორციელდა, რომლის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ მდინარეებში აღმოჩენილი ნარჩენების დაახლოებით 88 % პლასტმასს წარმოადგენს, მათი უდიდესი ნაწილი ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტებზე მოდის. მათ შორის, პლასტმასის ბოთლების წილი დაახლოებით 41%-ს შეადგენს.
საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვეყანა ყოველწლიურად დაახლოებით 612,5 მლნ ერთეულ ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ჭიქას, თავსახურს, საკვების კონტეინერს, დანას, ჩანგალს, კოვზს, ე.წ. „საწრუპს“, თეფშს მოიხმარს, რაც ჯამურად 3,9 - 5,9 ათას ტონა პლასტიკს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0