სოფელ დიღმის და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა დაიკეტება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2026
გამოწერა
სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში, თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის ცნობით, სამშენებლო არეალში 15 აპრილის 00:00 საათიდან 5 თვის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
თეთრი დუქნისა და სარაჯიშვილის ქუჩების მიმართულებით მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ალტერნატიული გზებით. კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებისკენ იმოძრავებენ მარშალ გელოვანის გამზირიდან ვასო გოძიაშვილის ქუჩის, ასევე პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გავლით, რომელიც დროებით სრულად ორმხრივი გახდება.
რაც შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, N430 მიკროავტობუსი დავით აღმაშენებლის ქუჩიდან პეტრე სარაჯიშვილის ქუჩას ვაშლიჯვრის ასახვევიდან, მარშალ გელოვანის გამზირის გავლით დაუკავშირდება.
თბილისის მერია მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
როგორც მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძესმ განაცხადა, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს.
მერიამ დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ 2024 წელს შეაჩერა იმის გამო, რომ ხიდის საინჟინრო პარამეტრები დატვირთვას ვერ პასუხობდა. ძველი ხიდის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელის მშენებლობა 2025 წელს იგეგმებოდა. მერიამ ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ტენდერიც კი გამოაცხადა, თუმცა, მაშინ ის შეჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0