ADB-ს ანგარიში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე მიუთითებს - მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ცინცაძე
ვახტანგ ცინცაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობა კმაყოფილია აზიის განვითარების ბანკის მიერ წარმოდგენილი ეკონომიკური განვითარების ინდიკატორებით.
თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკის ანგარიშში (ADB) ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემო, ყურადღება გამახვილებულია თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს გააჩნია, ასევე იმ მექანიზმებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ინვესტორთა დაცულობას, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების ნდობას და მიმზიდველობას საქართველოსადმი, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
აზიის განვითარების ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც პროგნოზირებს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას 5.5 პროცენტის დონეზე, რაც წინა წლის პროგნოზთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. 2026 წლის თებერვალში საქართველოში რეალური ეკონომიკური ზრდა 8.8%-ს შეადგენდა, ხოლო იანვარ-თებერვალში რეალური ეკონომიკური ზრდის საშუალო ტემპი 8.4%-ს შეადგენდა. საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10.6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7.8%, 2024 წელს - 9.7%, ხოლო 2025 წელს - 7.5%.
„აზიის განვითარების ბანკი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო ისწრაფვის, გახდეს სავაჭრო, ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბი. ამ მიმართულებით ყურადღება მახვილდება არაერთ რეფორმაზე, რომელიც ხელს უწყობს, მათ შორის, საბაჟო და სხვა პროცედურების გაუმჯობესებას. ბანკი ასევე ხაზს უსვამს იმ ინფრასტრუქტურულ მიღწევებს, რომლებიც საქართველოს გააჩნია როგორც საპორტო, ასევე სარკინიგზო მიმართულებით“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი ყურადღებას ამახვილებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულად დაბალ დონეზე შემცირებაზე, ასევე საერთაშორისო რეზერვების რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე. 2026 წელს, აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინფლაციის საშუალო მაჩვენებელს 3,8%-ის დონეზე პროგნოზირებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე დაბალია.
ADB და საქართველო
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების, გრანტების და ტექნიკური დახმარების საერთო მოცულობა 6 მლრდ დოლარს შეადგენს.
ADB-ის პრიორიტეტები საქართველოში არის მრავალფეროვანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირების გაფართოება და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ADB-ს მიზანია - ხელი შეუწყოს წარმატებულ, მრავალმხრივ და მდგრად ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ამავე დროს მუშაობს უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრაზე რეგიონში. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 68 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 - აზიის რეგიონის ქვეყნებია.
ყველა ახალი ამბავი
0