უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: მარტის მონაცემები

გამოწერა
ჯამში უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 134 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა ამოღებული.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 134 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.
ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ყველაზე მეტი - 31 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 17 - იმერეთის, 15 - რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 11 - შიდა ქართლის, 8 - ქვემო ქართლის, 8 - გურიის, 7 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 5 - მცხეთა-მთიანეთის, 3 - სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. ასევე იმერეთში გამოვლენილია 1 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო.
სამართალდარღვევებიდან ერთი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი მოკვლევის მიზნით, გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში.
ასევე სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ხუთი ფაქტია გამოვლენილი ერთი მცხეთა-მთიანეთისა და ოთხი კახეთის რეგიონებში.
ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ იანვარ-მარტის პერიოდში გამოვლენილია ხეტყის უკანონო მოპოვების 191 ფაქტი.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0