ცნობილი „კუკუშკა“ ბრუნდება: ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიულ მატარებელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

„კუკუშკა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2026
გამოწერა
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკას სახელით ცნობილი მატარებლის აღდგენას გეგმავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, მატარებელი, რომელიც 2020 წლიდან არ ფუნქციონირებს, გეგმის მიხედვით, მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ქვეყნის მოქალაქეებს და ტურისტებს.

„მივიღე გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული მატარებლის, ე.წ. კუკუშკას რეაბილიტაციის თაობაზე.სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, ასევე განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება არის საქართველოს რკინიგზის განვითარების 2026 -2028 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილი.
„რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას ტურისტული თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს", - აღნიშნა პრემიერმა.
გარდა ამისა, ხელისუფლება რკინიგზის ქსელის გაფართოებას გეგმავს: გაჩნდება თბილის-ქუთაისის მიმართულება.
ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზი საქართველოს რკინიგზის ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი მონაკვეთია, რომლის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და 1902 წელს ბორჯომი-ხარაგაულის უბანზე გაიხსნა.
ხაზის სიგრძე 37,2 კილომეტრია, მაგრამ რელიეფის სირთულის გათვალისწინებით გზის გავლას 2,5 საათი სჭირდება.
ბორჯომსა და ბაკურიანს შორის სარკინიგზო ხაზზე დიდი ხნის განმავლობაში მოძრაობდა მცირე ორთქლმავალი, რის გამოც დღეს არსებულ ელექტროშემადგენლობასაც რუსული ორთქლმავლის მეტსახელი „კუკუშკა" შემორჩა.
2016 წელს მატარებლები სრულად განაახლეს, თუმცა პირვანდელი იერი შეუნარჩუნეს.
ყველა ახალი ამბავი
0