რამდენით გაიზარდა საქართველოდან ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი?

© photo: Sputnik / Stringerღვინო
ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2026
გამოწერა
2025 წლის 11 თვეში რუსეთში ექსპორტირებული იქნა 56 ათას ტონაზე მეტი ღვინო, რომლის ღირებულებამ 156,7 მლნ დოლარი შეადგინა
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მსოფლიოს 51 ქვეყანაში 17,3 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მასალებში.
უწყების ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 53,2 მილიონი დოლარი შეადგინა - 2025 წლის პირველი კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 7%-იით მეტი.
ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებს შორის განსაკუთრებული ზრდა გერმანიაში დაფიქსირდა — ექსპორტმა 375 ათას ლიტრს მიაღწია, რაც გასული წლის მონაცემებზე 32%-ით მეტია. 9%-იანი მატებაა დიდ ბრიტანეთში (86 ათასი ლიტრი), ხოლო ჩინეთში ექსპორტი 4%-ით გაიზარდა და 831 ათას ლიტრს მიაღწია.
გარდა ამისა, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 38 ქვეყანაში 56,6 მილიონი დოლარის ღირებულების 7,6 მილიონი ლიტრი სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი გაიტანა. ამ მიმართულებით შემოსავლები 3%-ით არის გაზრდილი.
სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2025 წელს მარკეტინგული საქმიანობისთვის 17,4 მლნ ლარი გამოყო, რაც 2024 წელთან შედარებით 8,7%-ით მეტია.
ევროპის ქვეყნებიდან ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე პრიორიტეტულია სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენებში.
მრავალი წელია რუსეთი ქართული ღვინის მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემებით, 2025 წლის 11 თვეში მეზობელ ქვეყანაში ექსპორტირებული იქნა 56 ათას ტონაზე მეტი ღვინო, რომლის ღირებულებამ შეადგინა 156,7 მლნ დოლარი - 2024 წელთან შედარებით -11,1%.
საქართველოში ღვინის დამზადების ტრადიცია რვა ათას წელს ითვლის. მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. ღვინისა და ვაზის გამოსახულებები გამოყენებულია ხალხურ ხელოვნებაში, სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებში. 2017 წელს საერთაშორისო სპეციალისტებმა დაამტკიცეს, რომ საქართველო მეღვინეობის სამშობლოა.
საქართველოში დღეს ყურძნის 525 ჯიშია აღრიცხული, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.
ყველა ახალი ამბავი
0