მეუფე შიო: ძალიან რთულია, ილია მეორის ლოცვა-კურთხევის გარეშე ქადაგებით მოგმართოთ

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2026
გამოწერა
რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ, გილოცავთ ხარებას, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას.
7 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს – ხარებას აღნიშნავს. რამდენადაც ხარება დაკავშირებულია ქრისტეს დაბადებასთან, ის აღიქმება როგორც კაცობრიობის ხსნის დასაბამი.
„ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიყვარულით, მოწიწებით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი, შუამავალი, შუამდგომელი ჩვენი და მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა“, - განაცხადა მეუფემ.
როგორც მიტროპოლიტმა ქადაგებისას აღნიშნა, ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ არა, საბოლოო მიზნად აქვს საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება.
„ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. ხარების დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, დასაწყისი ჩვენი გამოხსნის, რომელიც შეიძლება, არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს, ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა“, - განაცხადა მან.
მეუფის თქმით, წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ „დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება, ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი“ .
„კიდევ ერთხელ გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენიოს, შეიწყალოს და აცხოვნოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა მეუფე შიომ.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულება.
სახარების მიხედვით, გაბრიელ მთავარანგელოზმა 7 აპრილს ახარა ქალწულ მარიამს, რომ ის შობდა იესო ქრისტეს. ამ დღეს ღვთისმშობელთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა.
ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით ეს დღე მორწმუნეებისთვის, ზოგადად, თევზით ხსნილია, თუმცა, 2026 წლის საეკლესიო კალენდრით, რადგანაც 7 აპრილი ვნების შვიდეულს (მძიმე კვირა) დაემთხვა, ამიტომაც თევზით ხსნილი არ არის. დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეთათვის ზეთით ხსნილია.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს დაიწყო და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0