სამხედრო სამსახურში გაწვევის წესები: დეპუტატებმა „თავდაცვის კოდექსში" ცვლილებებზე იმსჯელეს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2026
გამოწერა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინება წვევამდელმა, შესაძლოა, ელექტრონული ფოსტით ან მობილურ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით მიიღოს.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით პირის გამოძახება განხორციელდება როგორც შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ისე ტექნიკური და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი, რომელიც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასთან და წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, საკანონმდებლო ორგანოს 25 მარტს წარედგინა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად დაზუსტდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებად საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები; „თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების“ ნაცვლად, მიეთითება „თანამდებობიდან გათავისუფლება“; მოწესრიგდება სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებული საკითხები და დაზუსტდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გასავლელად კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის საკითხი.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2026 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებში 18-დან 27 წლამდე 5,8 ათასი პირის გაწვევა იგეგმება - წვევამდელთა გაწვევა ხორციელდება კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ცვლილებების თანახმად, გაწვევის კლასიკური სისტემის - უწყების ჩაბარება - გარდა, თავდაცვის ძალებს ალტერნატიული მეთოდების გამოყენებაც შეეძლებათ. კერძოდ:
პროექტის მიხედვით, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: - პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს; ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება.
„თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით შეწყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას აქვეყნებს, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეს.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
„თავდაცვის კოდექსის" მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გადის, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას - 6 ან 8 თვის ვადით.
ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არა აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა ჯარიმის დაკისრებას იწვევს, ცვლილებები ამ მიმართულებითაც ხორციელდება. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 2026 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებში 18-დან 27 წლამდე 5,8 ათასი პირის გაწვევა იგეგმება - წვევამდელთა გაწვევა ხორციელდება კომპიუტერული სისტემის მეშვეობით, წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
ყველა ახალი ამბავი
0