მეუფე შიო: დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
საზეიმო წირვა აღევლინა სიონის საპატრიარქო ტაძარშიც, რის შემდეგაც მეუფე შიომ ტაძარში იქადაგა.
თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. ვეცადოთ, დღევანდელი დღესასწაული ყოფილიყოს ჩვენთვის მაცხოვრის შემოსვლის დღე ჩვენს სულებში, რომ დღეიდან აღარ განვეშოროთ მას, მუდამ გვახსოვდეს იგი, მასთან ერთად ვიყოთ და მასთან ერთად ვიცხოვროთ, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ერთ-ერთ მთავარ საუფლო დღესასწაულს — ბზობას აღნიშნავს. ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში საზეიმო წირვა აღევლინება. დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
„გილოცავთ ბზობის დღესასწაულს! როგორც გვიამბობს წმინდა სახარება ამ მოვლენის შესახებ, მთელი ქალაქი შეიძრა, მთელი ხალხი მიისწრაფოდა იერუსალიმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახვედრად. მას გზაზე უფენდნენ თავიანთ ტანსაცმელს, ხეებიდან ჭრიდნენ რტოებს, ასევე უფენდნენ და გაიძახოდნენ: „ოსანა დავითის ძეს! კურთხეულ არს მომავალი უფლის სახელით! გვაცხოვნენ ჩვენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!“, - განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც მეუფემ ბრძანა, ხალხი სახოტბო შეძახილებით ხვდებოდა იესოს და თითქოს ყველამ შეიცნო იესოში მათი მხსნელი, ღმერთიც, მკურნალიც, რომელიც ახდენს სასწაულებს და მკვდრებსაც აღადგენს.
მისი თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი საოცარი გამონათება საზოგადოებამ იხილა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდგომ დღეებში, როდესაც მთელი ერი გაერთიანდა მისდამი მადლიერების, სიყვარულის გამოსავლენად.
„ეს არ იყო მხოლოდ ილია მეორის პიროვნების დაფასება, არამედ პირველყოვლისა იყო ღვთისადმი, ეკლესიისადმი, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და იმ ღირებულებების ერთგულების გამოვლინება, რომელსაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა მთელი ცხოვრება ემსახურებოდა და ქადაგებდა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს მუხტი და განწყობა ქართველმა ერმა შეინარჩუნოს.
„ღმერთმა მოგვცეს მადლი, რომ ეს საოცარი მუხტი და განწყობა, რომელიც ჩვენმა ხალხმა გამოავლინა, შევინარჩუნოთ მუდამ, ვინაიდან ეს არის საწინდარი ჩვენი გადარჩენის, ჩვენი სიძლიერისა და ჩვენი როგორც ხალხისა და ერის წარმატება და ღვთის წყალობა", - განაცხადა მეუფე შიომ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელიც სიონის ტაძარშია დაკრძალული, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
წმინდა სინოდის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი წინამძღოლის არჩევამდე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვალდებულებებს მიტროპოლიტი შიო ასრულებს - სინოდის სხდომა პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა უნდა გაიმართოს.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია და ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირას.
ბზობა სახარებისეულ ეპიზოდს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იერუსალიმში ჩავიდა. ქალაქის მაცხოვრებლები უფალს ზეიმით შეხვდნენ. ვირს, რომელზეც მაცხოვარი იჯდა, გზად სამოსელსა და პალმის რტოებს (ბზას) უფენდნენ, თან „ოსანას” შესძახოდნენ. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულზე ტაძარში მარადმწვანე მცენარის, ბზის მიტანის ტრადიცია.
ბზობის დღესასწაულზე მრევლის მიერ მიტანილი ბზები იკურთხება და იგალობება „ოსანა”, რაც სიმბოლურად მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის ისტორიას იმეორებს. ბზას ყველა მოქმედ ტაძარში აკურთხებენ, რის შემდეგაც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
ბზობის დღესასწაულის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0