„თამბაქოს კონტროლის ალიანსი": ელექტრონული სიგარეტების მოხმარების ზრდა გამოწვევად იქცა

© photo: Sputnik / Stringer„მოწევა აკრძალულია"
„მოწევა აკრძალულია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2026
გამოწერა
ალიანსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ათწლეულში საქართველოში თამბაქოს მოხმარება 9%-ით შემცირდა
თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი კვლავ მაღალია და 24,8%-ს შეადგენს, ხოლო მოზარდებში ელექტრონული სიგარეტისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარება ბოლო ხუთ წელიწადში გაორმაგდა და 14%-ს მიაღწია, ნათქვამია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" მიერ გამოქვეყნებულ მასალებში.
უწყების ცნობით, საქართველო, რომელიც ბოლო ათწლეულში თამბაქოს კონტროლის მიმართულებით რეგიონულ ლიდერად და ისტორიული პროგრესის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, კრიტიკული გამოწვევების წინაშე დგას.
მიუხედავად იმისა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა 100 ათასზე მეტით შემცირდა, საერთაშორისო დონორების, მათ შორის, გლობალური ფონდის ქვეყნიდან გასვლა და შიდა რესურსების კლება მიღწეულ შედეგებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ბოლო მონაცემებით, ბოლო ათწლეულში საქართველოში თამბაქოს მოხმარება 9%-ით შემცირდა, რითაც ათასობით სიცოცხლის გადარჩენასთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტში ათეულობით მილიონი ლარი დაიზოგა. თუმცა, პროგრესის ფონზე საგანგაშოა ახალი ტენდენციები.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია ხშირად საპირისპირო შედეგს იძლევა. მიმდინარე წელს თამბაქოს კანონმდებლობის აღსრულების სამოქალაქო მონიტორინგის დაფინანსება 33%-ით შემცირდა მაშინ, როცა მონიტორინგის დახმარებით ბიუჯეტში ყოველწლიურად 4-5 მილიონი ლარი შედის.
მხოლოდ გასულ წელს, რეგულაციების (მათ შორის სტანდარტიზებული შეფუთვის) არაჯეროვანი აღსრულების გამო, ქვეყანამ 5 მილიონ ლარამდე დაკარგა. ამავე დროს უკვე წელზე მეტია ჩავარდნილია საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანიები, რასაც თამბაქოს ინდუსტრია ბავშვებისა და ახალგაზრდებისკენ მიმართული აგრესიული, უკანონო ინტერნეტ-რეკლამით პასუხობს.
„მიუხედავად 2019 წელს დაწყებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების უმოქმედობის გამო, მოწევის შეწყვეტის საშუალებები კვლავ დღგ-თი იბეგრება და ჯერაც არ შეუტანიათ ესენციური მედიკამენტების სიაში. ეს მნიშვნელოვნად აფერხებს მოწევისთვის თავის დანებების მსურველი მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
არსებული მიღწევების შესანარჩუნებლად და ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად, აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
1.
თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის მონიტორინგის გაძლიერება: სამოქალაქო მონიტორინგით საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მოცვა შესაბამისი დაფინანსების უზრუნველყოფით;
2.
საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია: ელექტრონული სიგარეტებისა და ახალი პროდუქტების მავნებლობის შესახებ ფართომასშტაბიანი კამპანიის დაწყება;
3.
საგადასახადო ცვლილებები: ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი ბრძანების დამტკიცებით მოწევის შეწყვეტის სამკურნალო საშუალებების იმპორტის დღგ-სგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება;
4.
მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: მოწევის შეწყვეტის საშუალებების შეტანა ესენციური მედიკამენტების ჩამონათვალში;
5.
ბიუჯეტი 2027: ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის მოწევის შეწყვეტის სერვისების შესანარჩუნებლად შესაბამისი დაფინანსებით უზრუნველყოფა.
6.
2017 წელს საქართველოს მთავრობამ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც აიკრძალა დახურულ სივრცეებში მოწევა, თამბაქოს რეკლამირება და არასრულწლოვნების თანდასწრებით მანქანებსა და ტაქსებში მოწევა. თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობა ასევე კრძალავს სიგარეტის გაყიდვას საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან 50 მეტრის რადიუსში.
საქართველოს პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონი 2017 წლის მაისში დაამტკიცა. 2018 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში თამბაქოს მოხმარება აკრძალულია საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებსა და ნებისმიერ სხვა შენობაში. ასევე კანონი კრძალავს თამბაქოს ნაწარმის მოხმარებას ავტომობილებსა და ტაქსებში არასრულწლოვნების თანდასწრებით. აკრძალულია სიგარეტის გაყიდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, მათ შორის უნივერსიტეტებიდან 50 მეტრის რადიუსში, მათ შორის ცალობით, საჯარო დაწესებულებებში, სავაჭრო ობიექტებში საბავშვო ტანსაცმლის, საკვების ან სათამაშოების სექციებში.
ყველა ახალი ამბავი
0