ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო საქართველოში ტურისტების რიცხვის შემცირებას ელოდებიან

© photo: Sputnik / Stringerტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან
ტურისტები ახლო აღმოსავლეთიდან - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2026
გამოწერა
ტურიზმზე ზეგავლენის მოხდების ძირითადი ფაქტორი კონფლიქტის ხანგრძლივობა გახდება, ფიქრობენ ანალიტიკოსები
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. კომპანია TBC Capital-ის ანალიტიკოსები ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებენ, ნათქვამია კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, საქართველოს ტურისტული სექტორი ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე ზომიერ დამოკიდებულებას აჩვენებს. კერძოდ, საერთაშორისო ვიზიტების ჯამურ რაოდენობაში ამ რეგიონის წილი 10-11%-ია, თუმცა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში მისი წილი თითქმის 20%-ს აღწევს.
„ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი მნიშვნელოვან ნეგატიურ რისკებს წარმოშობს. არსებული შეფასებებით, 2026 წელს რეგიონიდან ტურისტული ნაკადების 6-27%-იანი კლებაა მოსალოდნელი, რაც ვიზიტორთა დანახარჯების არსებით შემცირებასაც გამოიწვევს. იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელისა და საუდის არაბეთის ბაზრები საშუალოზე ბევრად მაღალი მხარჯველობით გამოირჩევა, ამ მიმართულებით ნებისმიერი ტიპის შეფერხებას, დიდი გავლენა ექნება ჯამურ ტურისტულ შემოსავლებზე", - წერს TBC Capital-ი.
ანალიტიკოსების შეფასებით, მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ქართულ ტურიზმზე, კონფლიქტის ხანგრძლივობაა.
„გაჭიანურებულმა კონფლიქტმა კი შესაძლოა გამოიწვიოს ვიზიტორთა რაოდენობის ვარდნა და შეიცვალოს ტურიზმის სტრუქტურა“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
TBC Capital-ის შეფასებით, მოკლევადიანი სცენარის შემთხვევაში (1-6 თვე) ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 220 მლნ დოლარით შემცირდება.
გახანგრძლივებული კონფლიქტის შემთხვევაში, ახლო აღმოსავლეთიდან ტურიზმის აღდგენა უახლოეს პერიოდში ნაკლებად სავარაუდოა.
„ხანგრძლივი არასტაბილურობა გამოიწვევს მოგზაურობისგან მასობრივ თავშეკავებას და ტურისტულ ნაკადებზე მუდმივ წნეხს“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში არსებულ სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს. თავის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ირანმა რეგიონში არსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, ასევე ისრაელზე საპასუხო თავდასხმები განახორციელა.
ყველა ახალი ამბავი
0