საქართველოს სურს „რეალური“ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან - პაპუაშვილი

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2026
გამოწერა
2009 წელს ხელმოწერილი შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე იყო გარკვეული „დამამშვიდებელი პრიზი“ მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისი, 3 აპრილი - Sputnik. საქართველოს სურს შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ინტერესებზე დამყარებული რეალური სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ამ ეტაპზე ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის ფორმალურ ხასიათს ატარებს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთელ განუცხადებიათ, რომ მზად არიან დაიწყონ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
„მიზანია არა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, არამედ საქართველოსა და ამერიკას შორის იმ პარტნიორობის არსებობა, რაც დამყარებული იქნება ურთიერთინტერესებზე. სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის ინდიკატორი, რომელიც ყველაზე ნათლად გვაჩვენებს, რომ ამ მიზანს ვაღწევთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ადრინდელი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელსაც 2009 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ რამდენიმე თვეში მოეწერა ხელი, ეს იყო გარკვეული დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის წაგებული ომის შემდეგ, აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, დღეს საქართველო მიისწრაფვის სტრატეგიული პარტნიორობისთვის, სადაც ორივე ქვეყნისთვის იქნება დაკონკრეტებული ამ პარტნიორობის მიზნები და მოლოდინები.
„ახლა გვინდა ახალი სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი შეთავაზებაა, რომ ეს იყოს შინაარსით გაჯერებული ჩარჩო, რაც ორივე ერის ინტერესებზე დაყრდნობილი იქნება, რა მოლოდინები გვაქვს და რა მიზნები აქვს ამ პარტნიორობას“, - განაცხადა მან.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთი წლის წინ გაცხადდა რომ საქართველო მზადაა აშშ-თან დიალოგისთვის, ხოლო სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს შორის ახლახან შემდგარი სატელეფონო საუბარი აჩვენებს, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციაც მოწადინებულია ამისთვის, რაც, პაპუაშვილის თქმით, ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.
„ჩვენ ამ დიალოგისთვის გახსნილი ვართ... ახლა ყველაფერი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველო და აშშ
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ამჟამად ფორმალურ ხასიათს ატარებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ქვეყნებს შორის შეჩერდა სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც 2009 წლიდან მოქმედებდა და არაერთ ქართველ მაღალჩინოსანს სავიზო სანქციები დაუწესდა.
შეზღუდვები, თუმცა ფინანსური, დაუწესდა ასევე საქართველოს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს", საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს.
ურთიერთობების გაუარესების მიზეზი საქართველოში მიღებული არაერთი კანონი იყო, რომელიც, ბაიდენის ადმინისტრაციის თქმით, "ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს".
ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ, თბილისის მთავრობამ არაერთხელ გამოთქვა სურვილი, გადატვირთოს ურთიერთობები და გააფორმოს ახალი შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანასწორი პირობებით, მათ შორის ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის და პირდაპირი რეისების დაწყების ჩათვლით. "ქართულ ოცნებას" ამ ინიციატივაზე ჯერ მკაფიო პასუხი არ მიუღია.
რიგი ევროპული ქვეყნისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაცია ეჭვქვეშ არ აყენებს საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას, თუმცა მაღალი დონის კონტაქტები ჯერ არ არსებობს და ურთიერთქმედება დიპლომატიური მისიების მეშვეობით კომუნიკაციით შემოიფარგლება.
ყველა ახალი ამბავი
0