მერია: „60+ კლუბს“ ახალი ფილიალი შეემატა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
კლუბი გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურთ, გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. თბილისში „60+ კლუბის“ ახალი ფილიალი ოფიციალურად გაიხსნა, იუწყება თბილისის მერია.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში გაიხსნა. კლუბი გათვლილია ადამიანებზე, რომელთაც სურთ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი, შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები.
„აღნიშნული პროგრამა არის თბილისის მუნიციპალური სერვისი, რომელიც განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, სოციალური ჩართულობისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას“, - აღნიშულია ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში კლუბის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრების გამოფენა და სხვადასხვა მუსიკალური ნომერი.
ღონისძიებას დაესწრნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინო ანჯაფარიძე, „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
ფილიალის გახსნაზე ასევე იმყოფებოდნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ფლორენს ბაუერი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორი მარიამ ხანი.
„60+ კლუბი“ 2022 წლის ოქტომბერში დაარსდა და დღეს უკვე სამი ფილიალი ფუნქციონირებს. კლუბი 200-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, აითვისონ ახალი უნარები, ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, თავად დაგეგმონ და განახორციელონ ღონისძიებები და გაეცნონ ახალ ინფორმაციებს.
მოწვეული სპეციალისტები ყოველდღიურად ჩაატარებენ აქტივობებს, რომელიც სპეციალურად კლუბის წევრებისთვის იქნება შემუშავებული.
საქართველოში ქალები პენსიაზე 60 წლის ასაკიდან გადიან, მამაკაცები – 65 წლიდან. 1 მარტის მონაცემებით, თბილისში 233,6 ათასი პენსიონერია.
ყველა ახალი ამბავი
0