პროკურატურა: „თბილისის ავტობუსის“ ყოფილი გენდირექტორის მიმართ განაჩენი გადაისინჯება

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურის შენობა
პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
გამოძიება ბრალდებულს თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა.
თბილისი, 1 აპრილი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „თბილისის ავტობუსის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ბესიკ ნათენაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, პროკურატურა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ბესიკ ნათენაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით.
„თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორი ბესიკ ნათენაძე 2009 წელს სსკ-ის 180-ე (თაღლითობა), 182-ე (მითვისება ან გაფლანგვა), 210-ე (ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) და 220-ე (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და საბოლოოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით განესაზღვრა.
გამოძიება ბრალდებულს თბილისის მერიის კუთვნილი თანხების არამიზნობრივად დაუფლებასა და გაფლანგვას ედავებოდა. კერძოდ, განაჩენის მიხედვით „თბილისის ავტობუსის“ გენერალური დირექტორის ბესიკ ნათენაძის თავმჯდომარეობით ჩატარებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული საწვავი 3,3 მლნ აღემატებოდა იმ პერიოდში ჩამოყალიბებულ საბაზრო ფასებს.
„საქმეზე ჩატარებული ხელახალი გამოძიებით და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზით დადგინდა, რომ ტენდერები ნაწარმოები იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, გამარჯვებულ კომპანიებს სხვა პრეტენდენტებთან შედარებით შეთავაზებული ჰქონდათ ყველაზე დაბალი ფასი, ხოლო საწვავის შესყიდვა რეალურად საშუალო საბაზრო ღირებულებაზე 670,411 ლარით იაფად განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, მაშინდელი ბრალდების მტკიცებით, ნათენაძემ ტენდერში გამარჯვებულ ორ კომპანიას ვადების დარღვევისა და ავტობუსების მარაგ-ნაწილების მიუწოდებლობისთვის არ დააკისრა 69 ათასი ლარის პირგასამტეხლო, ხოლო ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში კონტრაქტორ ფირმაზე რეალურად დაკისრებული იქნა 46 ათასი ლარის ჯარიმა.
განაჩენის მიხედვით, 2007–2009 წლებში ადგილი ჰქონდა ყალბი ანგარიშფაქტურების საფუძველზე არარსებული მარაგ-ნაწილების მიწოდებას, რის შედეგადაც, გამოძიების ვერსიით, კონტრაქტორ ფირმებთან უკანონო გარიგებით მოტყუებით მიითვისეს თბილისის მერიის კუთვნილი ნახევარი მლნ ლარი.
პროკურატურის მტკიცებით, ხელახალი გამოძიების ფარგლებში შემოსავლების სამსახურიდან მოპოვებული მასალებით დადასტურდა, რომ „თბილისის ავტობუსში“ 2009 წელს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად რაიმე დანაკლისი არ გამოვლენილა. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დაფიქსირდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ზედმეტობა 42,793 ლარის ოდენობით.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობლიობის და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0