სტრასბურგმა „აგენტების“ შესახებ კანონთან მიმართებით საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

CC BY 2.0 / Mathieu Nivelles / Cour européenne des Droits de l'Homme à Strasbourg en décembreსტრასბურგის სასამართლო
სტრასბურგის სასამართლო  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2026
გამოწერა
„ქართული ოცნება“ კანონს 1938 წელს მიღებული ამერიკული FARA-ს ანალოგს უწოდებს. თუმცა, ამას მოსარჩელეები არ ეთანხმებიან.
თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იმედს გამოთქვამენ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საბოლოოდ გასცემს სამართლებრივ პასუხს „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებულ სპეკულაციებსა და კითხვებს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა.
2026 წლის 31 მარტს სტრასბურგის სასამართლომ დაიწყო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“, ე.წ. FARA-ს კანონთან დაკავშირებული საქმის განხილვა, რომელიც „საქართველოს აალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2025 წელს გაასაჩივრა 6 მომჩივნის - კერძოდ, სამი ორგანიზაციის („საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", მედიაორგანიზაციები: „სტუდია მონიტორი", „საქართველოს ამბები") და სამი ფიზიკური პირის (მომჩივანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები: ნონა ქურდოვანიძე, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი) სახელით.
„ქართულ სასამართლოებში ყველაფერი ნათელია, მაგრამ იმედია, სტრასბურგის სასამართლოს ძალითაც ერთხელ და სამუდამოდ ამ საკითხს პასუხი გაეცემა. მოვლენებს წინასწარ არ გავუსწრებ. სახელმწიფოს მხრიდან თუ რამე კითხვებზე პასუხი იქნება გადასაცემი, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - განაცხადა მახაშვილმა.
მისი თქმით, წინასწარი პროგნოზების გაკეთება ნაადრევია და პასუხს, სულ მცირე, წლის ბოლომდე „არ უნდა ველოდოთ".
„ქართული ოცნება“ კანონს 1938 წელს მიღებული ამერიკული FARA-ს ანალოგს უწოდებს. თუმცა, ამას მოსარჩელეები არ ეთანხმებიან.
საიას თავმჯდომარის თამარ ონიანის თქმით, მიღებული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს ადამიანის უფლებების სფეროში და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის გაჩუმებას, დისკრედიტაციასა და დევნას, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფორმით.
მისი თქმით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობის პირდაპირი კოპირება იდენტურ ეფექტს არ იძლევა, რადგანაც შედეგი დამოკიდებულია სამართლებრივი სისტემის სტრუქტურაზე, პოლიტიკურ გარემოსა და ინსტიტუციურ მექანიზმებზე.
„სტრასბურგის სასამართლო საქმეს პრიორიტეტულად განიხილავს, რადგან ის ფუნდამენტურ სამართლებრივ საკითხს ეხება და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პრეცედენტს შექმნის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპის საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ონიანმა.
საკუთარ სარჩელში საია ამტკიცებს, რომ კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ უფლებებს: გაერთიანების თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლებას, დისკრიმინაციის აკრძალვას და უფლებებსა და თავისუფლებებზე შეზღუდვების გამოყენებას.
ონიანის ინფორმაციით, სახელმწიფოს 2026 წლის 21 ივლისამდე მიეცა ვადა, რათა სასამართლოს წარუდგინოს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია.
ყველა ახალი ამბავი
0