ჩხაიძე: ქვეყანაში ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 31.03.2026
გამოწერა
ვირუსს ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოში თებერვლის მეორე ნახევრიდან განსაკუთრებით გააქტიურდა ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ბავშვებისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგანაც მას შეუძლია წვრილი ბრონქების ანთება - ბრონქიოლიტი გამოიწვიოს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ვირუსს ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. სპეციალისტის განმარტებით, დიაგნოზის დასმა, როგორც წესი, კლინიკური ნიშნების საფუძველზე, დამატებითი კვლევების გარეშე ხდება.
„თებერვლის მეორე ნახევრიდან ყველაზე ხშირად ფიქსირდება ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის უფრო მეტად საყურადღებო, ვინაიდან მას შეუძლია გამოიწვიოს წვრილი ბრონქების ანთება. ამ დაავადებას ბრონქიოლიტი ჰქვია და მისთვის დამახასიათებელია სუნთქვის მკვეთრი გახშირება, შეტევითი, ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა", - განაცხადა ჩხაიძე.
მისი თქმით, აღნიშნულმა ვირუსმა „ჰონგ-კონგის გრიპი“ ჩაანაცვლა, რომელიც დეკემბრიდან მოყოლებული კლინიკებში მმიმართვიანობის მთავარი მიზეზი იყო.
ექიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში დაავადება მძიმედ მიმდინარეობს: პაციენტების ნაწილს ჟანგბადის დამატებითი მიწოდება, გადასხმა და სითხის შევსება ესაჭიროება, მცირე ნაწილს კი — ჰოსპიტალიზაცია. ვირუსი 4 დღემდე არის აქტიური.
ამასთან, როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ვირუსი არა მხოლოდ ბავშვებისთვის არის რისკის შემცველი, არამედ 65 წელს ზემოთ პირებისთვისაც - ინფექციამ, შესაძლოა, ფილტვების ანთება გამოიწვიოს და ჰოსპიტალიზაციის საჭიროება წარმოქმნას.
ინფიცირების რისკის შესამცირებლად, ექიმი ცალკეულ შემთხვევებში რეკომენდაციას ვაქცინაციას უწევს. ასევე, მნიშვნელოვანია პრევენციული ზომების დაცვა: ინფიცირებულ პირებთან კონტაქტისგან თავის არიდება, ნიღბის ტარება, ხელების ჰიგიენა და შენობების რეგულარული განიავება.
ყველა ახალი ამბავი
0