1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმები გაიზრდება: დეტალურად

© photo: Sputnik
გამოწერა
სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება ითვალისწინებს ჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების რიგი დარღვევებისთვის ჯარიმების გაზრდას და ახალი სანქციები დაწესებას ითვალისწინებს, 2026 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.
პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, ჯარიმები გაიზრდება რიგი დარღვევებისთვის, როგორიცაა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, სიჩქარის გადაჭარბება, მობილურ ტელეფონზე საუბარი, საგზაო მოძრაობის წესების იგნორირება, პარკირების წესების დარღვევა და ა.შ.
საკანონმდებლო ცვლილებებით სანქციები იზრდება შემდეგი დარღვევებისთვის. კერძოდ:
100 ლარამდე იზრდება ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.
50-დან 100 ლარამდე იზრდება სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის.
50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა 10 ქულით შემცირდება.
50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის.
დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის.
„დრიფტი“, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას - 6 თვის ვადით.
საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას.
500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.
ამასთან, ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.
ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებით ახალი ამკრძალავი ნიშანი − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ შემოდის. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.
ახლებურად განისაზღვრება BUS LANE-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, BUS LANE-ზე მოძრაობა, არსებულ 100-ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.
საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ BUS LANE-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.
2025 წელს ქვეყანაში 5.969 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 469 ადამიანი დაიღუპა და 8.191 დაშავდა - ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში, იმერეთში, ქვემო სვანეთსა და აჭარის რეგიონებში მოხდა. ამ რეგიონებზე მოდის ავტოავარიების 70%.