პარიზში მოპარულ რარიტეტულ წიგნებზე ქართველების სისხლის კვალი აღმოჩდა: ექსპერტიზის დასკვნა

© Sputnik / STRINGERბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2026
გამოწერა
ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობისთვის მსჯავრდებულებს გამოძიება პარიზის ბიბლიოთეკიდან კიდევ ერთი უნიკალური გამოცემის მოპარვას ედავება.
თბილისი, 30 მარტი — Sputnik. პარიზში მოპარულ მე-19 საუკუნის ცნობილი რუსი მწერლის ალექსანდრე პუშკინის წიგნებზე ორი ქართველი მძარცველის სისხლის კვალი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2" ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით.
პარიზის ბიბლიოთეკა ერთ-ერთია იმ ევროპულ ბიბლიოთეკებს შორის, საიდანაც ბოლო წლებში რუსი კლასიკოსების უნიკალური გამოცემები მოიპარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ძირითადად ერთი სქემით მოქმედებდნენ - სამკითხველოში თავს მეცნიერად, ან სტუდენტად ასაღებდნენ, ითხოვდნენ ორიგინალს, რომელსაც იქვე, წინასწარ გამზადებული ყალბი ასლით ცვლიდნენ. ამ მეთოდით რუსი კლასიკოსების იშვიათი გამოცემები მოიპარეს ვარშავის, ჟენევის, მიუნხენის, ტარტუს, ვილნიუსის და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან, თუმცა, პარიზში მძარცველებმა ძარცვის სხვა ხერხს მიმართეს.
გამოძიების ცნობით, საქართველოს ორი მოქალაქე პარიზის ბიბლიოთეკის საცავში შუშის ჩამტვრევის გზით შეიპარა, რა დროსაც მათ ხელები დაიზიანეს. აღნიშნულმა პირებმა წიგნების მოპარვა შეძლეს, თუმცა პუშკინის უნიკალურ გამოცემებზე სისხლის კვალი დატოვეს. რამდენიმე თვის შემდეგ, პარიზის ბიბლიოთეკიდან მოპარულ იშვიათ გამოცემებს ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში მიაგნეს. სისხლის ლაქებზე დაინიშნა ექსპერტიზა, რამაც მძარცველების ვინაობა უტყუარად დაადასტურა.
ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში ათობით მისამართზე ჯერ კიდევ 2024 წელს ჩატარდა. მაშინ სამართალდამცველებმა 5 ბრალდებული დააკავეს, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერს ბექა ცირეკიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რადგან ის ამჟამად სასჯელს მსგავსი დანაშაულისთვის ესტონეთის ციხეში იხდის.
საქართველოს პროკურატურამ ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით გახსნა.
ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ქურდობის საქმე
50 წლის ბექა ცირეკიძე ტარტუს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან რუსი კლასიკოსების უიშვიათესი გამოცემების ქურდობისთვის ესტონეთში დააკავეს და გაასამართლეს. საერთაშორისო გამოძიებით დგინდება, რომ სწორედ ის ხელმძღვანელობდა ევროპის ბიბლიოთეკებიდან რარიტეტული წიგნების ძარცვის სქემას.
ამავე სქემაში ჩართული იყო მისი ორი შვილი - მათე და ქრისტინე ცირეკიძეები. ორივე თბილისში დააკავეს და მათ მიმართ საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენიც გამოიტანა. იგივე ვერდიქტი დადგა საქმის კიდევ ორი ფიგურანტის, ცირეკიძეების დაჯგუფების წევრების - ბესიკ ახალაშვილის და რობერტ ცატუროვის მიმართ. ბრალი წარედგინა, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს მათე ცირეკიძის მეუღლე, ანა გოგოლაძეც, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.
ბექა ცირეკიძის სახელი უნიკალური წიგნების ქურდობის საქმეში პირველად წლების წინ გამოჩნდა, როდესაც თბილისში, გრიშაშვილის სახელობის ბიბლიოთეკიდან ასევე რუსი კლასიკოსების და სხვა რარიტეტული გამოცემები მოიპარეს. ერთ შემთხვევაში ცირეკიძე სამკითხველოში, ორსულ ახალგაზრდა ქალთან ერთად მივიდა, რომელმაც ბიბლიოთეკის დირექტორს, ნოდარ გრიგორაშვილს ერთი ფინჯანი წყალი სთხოვა. ბიბლიოგარფს უნიკალური გამოცემები სწორედ იმ დროს მოპარეს, როდესაც ფეხმძიმე ქალისთვის წყლის მოსატანად გავიდა.
მოგვიანებით, ამავე ბიბლიოთეკიდან ცირეკიძის დაჯგუფების სხვა წევრმა ალექსანდრ პუშკინის მე-19 საუკუნის წიგნი ყალბი ასლით შეცვალა. მას შემდეგ ცირეკიძეების “ანგარიშზე“ ევროპის მასშტაბით არაერთი წიგნსაცავის გაქურდვაა.
პარიზის ბიბლიოთეკიდან პუშკინის უნიკალური გამოცემის ქურდობის საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი მიხეილ ზამთარაძეა, რომელიც ბექა ცირეკიძის მსგავსად სასჯელს საზღვარგარეთ, კერძოდ ვილნიუსის ციხეში იხდის.
საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ის ლიეტუვაში დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ვილნიუსის ბიბლიოთეკაში მან 17 იშვიათი გამოცემა ყალბი ასლებით ჩაანაცვა, ზარალი - 600 000 ევროს აღწევს. ლიეტუვის სასამართლოში მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ მოპარული წიგნები მოსკოვის აუქციონზე უნდა გაყიდულიყო.
საერთაშორისო გამოძიების მასალებში დევს საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკის მაღალი ხარისხის ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. ირკვევა, რომ კამერების თვალთახედვის არეში ზამთარაძის მობილურის ეკრანი ზუსტად იმ დროს მოხვდა, როცა ის საფრანგეთის ბიბლიოთეკიდან ფეისბუქის მესინჯერის საშუალებით, დანაშაულებრივ მითითებას აძლევდა დროის იმავე მონაკვეთში მიუნხენის ბიბლიოთეკაში მყოფ თანამზრახველს - რობერტ ცატუროვს. წერდა, რომ ამ საქმეში მთავარი “ყალბი ასლებით ჩანაცვლებაა“.
ყველა ახალი ამბავი
0