მეუფე შიო: ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgiaმეუფე შიო
მეუფე შიო - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2026
გამოწერა
დღეს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
თბილისი, 29 მარტი — Sputnik კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ღვაწლი არის ჭეშმარიტად სამოციქულო, რაც ჩვენ ამ დღეებში ვიხილეთ, ამას არ შეიძლება სხვა რამ ეწოდოს, თუ არა სამოციქულო ღვაწლის გამოვლინება, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი.
დღეს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„დღეს ჩვენ ისევ და ისევ ვიხსენებთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, ჩვენს ძვირფას კათოლიკოს-პატრიარქს, წინამძღოლს ილია მეორეს. ის გახლავთ დიდი მემკვიდრე ჩვენი დიდი წინაპრების, პატრიარქების, რომლებმაც ჩვენამდე მოიტანეს მთავარი ღირებულებები, საუნჯეები, რაც უფლისგან გვაქვს ჩვენ მოცემული. ამ დღეებში ღმერთმა დაგვანახა მისი პიროვნების მნიშვნელობა და სიდიადე”, - განაცხადა მეუფე შიომ.
უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. პატრიარქმა სიცოცხლეშივე თავად ინება, რომ სწორედ სიონის ტაძარი ყოფილიყო მისი სამუდამო განსასვენებელი, რომელიც მომზადდა ტაძრის ჩრდილოეთით, იქ, სადაც ერის უდიდესი სიწმინდეები - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიის ხატი და წმინდა ნინოს ჯვარია დაბრძანებული.
თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საფლავზე სასულიერო პირები მგალობლების თანხლებით 40 დღის განმავლობაში პანაშვიდს აღავლენენ.
ტაძარში, სადაც მოქალაქეები პატრიარქის ხსოვნას პატივს მიაგებენ, მრევლის ნაკადი არ წყდება. ამის გათვალისწინებით, მოქალაქეებს ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0