პოლემიკამ პატრიარქის არჩევნების ირგვლივ განხეთქილება არ უნდა შემოიტანოს - საპატრიარქო

© Sputnik / STRINGERილია მეორე და შიო მუჯირი
ილია მეორე და შიო მუჯირი - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2026
გამოწერა
კათოლიკოს-პატრიარქს აირჩევს წმიდა სინოდის გაფართოებული კრება
თბილისი, 28 მარტი - Sputnik. ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებულმა მსჯელობამ საზოგადოებაში განხეთქილება არ უნდა შეიტანოს, ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს გარდაიცვალა. წმინდა სინოდი ახალ პატრიარქს აირჩევს სხდომაზე, რომელიც ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს გაიმართება.
„სასურველია, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით შემოტანილმა მსჯელობებმა, პოლემიკამ ისეთი ხასიათი არ მიიღოს, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს. დაველოდოთ სინოდის წევრების გადაწყვეტილებას და ღირსეულად ვადევნოთ თვალი პროცესს, რომელიც ჩვენი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებების ზედმიწევნითი დაცვით წარიმართება“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, პატრიარქის არჩევის პროცედურა ზედმიწევნით გაწერილია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებაში, რომლსაც სინოდი მკაცრად დაიცავს.
„ეს არის გარკვეული პროცედურა, რომლის მომზადებაც ევალება მოსაყდრეს. 39 მღვდელმთავარი, სინოდის წევრი ხმის მიცემით არჩევანს აკეთებს სამ დასახელებულ კანდიდატს შორის“, – აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
© photo: Sputnik / Stringerანდრია ჯაღმაიძე
Глава службы Патриархии Грузии по связям с общественностью Андрия Джагмаидзе. День святости семьи отмечается в Грузии 17 мая 2024 года - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2026
ანდრია ჯაღმაიძე
მისი თქმით, ამ პროცედურის, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის სათანადო ჩატარება ასევე არის ღირსეული გაგრძელება გლოვის, პატრიარქისადმი პატივის მიგებისა, რომელიც საზოგადოებამ ამ დღეებში გამოავლინა.
„პროცედურა დამოკიდებული არ არის სატელევიზიო პოლემიკებზე. კათოლიკოს-პატრიარქს გამოირჩევს წმინდა სინოდი გაფართოებულ კრებაზე“, - აღნიშნა მან.
როგორ ტარდება პატრიარქის არჩევის პროცედურა
წმინდა სინოდის კრებაზე განისაზღვრება სამი კანდიდატი, რომლებსაც წარუდგენენ შემდგომში გაფართოებულ კრებას, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს.
წმინდა სინოდის 39 წევრიდან თითოეულს აქვს უფლება წარადგინოს კანდიდატურა, მათ შორის საკუთარიც. სამი საპატრიარქო კანდიდატი, რომლებიც წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებენ ხმათა უმრავლესობას, გაფართოებულ კრებაზე წარდგება.
გაფართოებული კრება უნდა ჩატარდეს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ორი თვისა. გაფართოებული კრება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაცია, თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
გაფართოებულ კრებაში შედიან: წმინდა სინოდის ყველა წევრი, თითო ეპარქიიდან ორ-ორი სასულიერო პირი და თითო საერო პირი. მცხეთა-თბილისის ეპარქიიდან იმდენივე წარმომადგენელი მონაწილეობს, რამდენიც ყველა დანარჩენი ეპარქიიდან ერთად. გაფართოებულ კრებაში ასევე შედის ორ-ორი წარმომადგენელი თითოეული მონასტრიდან, სასულიერო აკადემიისა და სემინარიიდან, ასევე ოთხი დელეგატი გელათის აკადემიიდან.
გაფართოებული კრების თითოეულ მონაწილეს აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება პატრიარქობის კანდიდატებთან დაკავშირებით. თუმცა, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის უფლება მხოლოდ წმინდა სინოდის წევრებს აქვთ.
არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმების ნახევარზე მეტს, ანუ არანაკლებ 20-ისა.
ვის შეუძლია გახდეს კათოლიკოს-პატრიარქი?
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეიძლება გახდეს 40-დან 70 წლამდე ასაკის ბერად აღკვეცილი ეთნიკური ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი, რომელსაც აქვს თეოლოგიური განათლება და საკმარისი საეკლესიო გამოცდილება.
ყველა ახალი ამბავი
0