კერძო კომპანიების სარეგისტრაციო მონაცემების განახლების ვადა იწურება

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2026
გამოწერა
საქართველოში რეგისტრირებული 1,1 მილიონი ბიზნეს-სუბიექტიდან მხოლოდ 26,7% არის აქტიური.
თბილისი, 27 მარტი — Sputnik. 1 აპრილს იწურება რეგისტრაციის მონაცემების განახლების ბოლო ვადა საქართველოში 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული კერძო კომპანიებისთვის, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეებისთვის.
რეგისტრაციის მონაცემების განახლება „მეწარმეობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების ნაწილია, რომლებიც თავდაპირველად 2025 წლის 1 აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო. ხელახალი რეგისტრაციის ვადა მოგვიანებით ერთი წლით გაგრძელდა.
ცვლილებების თანახმად, განახლების გარეშე, მათი, როგორც იურიდიული პირების, რეგისტრაცია შეჩერდება, შედეგად კომპანიები საკუთარი სახსრების, ქონების განკარგვას ან გადასახადების გადახდას ვერ შეძლებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 1,1 მილიონი ბიზნეს-სუბიექტიდან მხოლოდ 26,7% არის აქტიური.
„საქსტატის“ მონაცემებით, რეგისტრირებული ბიზნესის 60,5% ინდივიდუალური მეწარმეა, შემდეგ მოდის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები და სააქციო საზოგადოებები.
667.300 რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმიდან მხოლოდ 201.100 ფუნქციონირებს აქტიურად.
საქართველოში რეგისტრირებული დაახლოებით 377.000 შპს-დან მხოლოდ 85.000 არის აქტიური. 3.200 რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებიდან 844 აქტიურია.
საქართველოში ბიზნესის რეგისტრაცია ძალიან მარტივი პროცედურაა, რომლის დასრულებაც ერთ დღეშია შესაძლებელი. ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის ყველაზე მარტივი გზაა განაცხადის წარდგენა ბიზნეს საქმიანობის კოდის მითითებით.
შპს-ს ან სააქციო საზოგადოების რეგისტრაციისთვის ასევე საჭიროა კომპანიის წესდების წარდგენა.
ყველა ახალი ამბავი
0