სიძულვილი და ცრუ იდეოლოგიები ვერ დაამარცხებს ქრისტიანობას საქართველოში - პრემიერ-მინისტრი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
მთავრობის მეთაურმა გლოვის დღეებში ათასობით ადამიანის ერთიანობას ეკლესიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ სისტემური კამპანიების მარცხი უწოდა.
თბილისი, 26 მარტი - Sputnik. საქართველოს 1700 წლიანი ქრისტიანული ისტორია და უნიკალური რელიგიური ტრადიციები აქვს, ქვეყანაში ქრისტიანული ღირებულებების „ცრუ იდეოლოგიებით“ ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო წლებში საზოგადოებაში იყო მცდელობები არა მხოლოდ სიძულვილის გაღვივების, არამედ ეკლესიის, სასულიერო პირებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის წინააღმდეგ კამპანიების წარმოებისა. თუმცა, როგორც მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა.
„ჩვენ ვართ გამორჩეული ქრისტიანული ტრადიციების, კულტურის მქონე ქვეყანა 1700 წლოვანი ისტორიით და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა საქართველოში, დაინერგოს ყალბი იდეოლოგიები, ქრისტიანობის ნაცვლად, არის წარუმატებლობისთვის განწირული“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ბოლო დღეების მოვლენებმა ცხადყო, რომ „ვერავითარი ყალბი იდეოლოგია ვერ დაამარცხებს საქართველოში ქრისტიანობას“.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მსგავსი კამპანიების წარუმატებლობის მიუხედავად, საზოგადოება უნდა ინარჩუნებდეს სიფრთხილეს და სიფხიზლეს, გააძლიეროს ტრადიციული ღირებულებების განმტკიცება.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს რწმენაში, გაძლიერდეს ქრისტიანული ფასეულობები ჩვენს ქვეყანაში, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ეკლესია და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და განმტკიცებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო დღეების მოვლენები საზოგადოების ქრისტიანული ტრადიციებისა და ქვეყნის სულიერი ღირებულებებისადმი ერთგულების მნიშვნელოვან დასტურად იქცა.
მან აღნიშნა, რომ არსებობს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტრადიციები, ღირებულებები, ეკლესია და სახელმწიფო და არის მცირე, მაგრამ აქტიური უმცირესობა, რომელიც შეგნებულად ემიჯნება ამ ღირებულებებს. პრემიერ-მინისტრმა მათ „მებრძოლი ათეისტების ახალი თაობა“ უწოდა.
„ამ დღეებმა აჩვენა, რომ არსებობს საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა, რომლისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, ფასეულობები, ტრადიციები, ეკლესია, სახელმწიფო და არსებობს უდიდესი უმცირესობა, რომელიც ემიჯნება ამ ყველაფერს, და არა მხოლოდ ემიჯნება, არამედ არის დაახლოებით იმით დაკავებული, რასაც ბოლშევიკების პერიოდში ეწოდებოდა მებრძოლი ათეიზმი. ესენი არიან ერთგვარი ახალი თაობის მებრძოლი ათეისტები და ამის გამოხატულება იყო ის დამოკიდებულება, რაც მათ აჩვენეს ამ დღეების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევის მცდელობები წარუმატებელი და ხელოვნური იყო და ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ ის ღირებულებები, რომლებსაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 50 წლის განმავლობაში ქადაგებდა, უფრო ძლიერია, ვიდრე განხეთქილების ნებისმიერი მცდელობისა და სიძულვილის პროპაგანდისა.
ეს ადასტურებს, რომ სიძულვილის ან ცრუ იდეოლოგიების ძალა ვერ გაიმარჯვებს საქართველოში. ჩვენი საზოგადოება რჩება ერთიანი თავისი ღირებულებებით და ეკლესია და სახელმწიფოებრიობა ძლიერდება, ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა.
მან გაიხსენა გარკვეული მედია საშუალებებისა და პოლიტიკური ძალების მიერ ეკლესიისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ წარმოებული სისტემატური კამპანიები და ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს, რომ მათ დაკრძალვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცათ, „ჩვეულებრივი ფარისევლობა“ უწოდა.
„სხვა შეფასება ამას არ შეიძლება მიეცეს. ეს კამპანია არ იყო ფრაგმენტული, ეს იყო სისტემური კამპანია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
© photo: Sputnik / Stringerსამების ტაძარი
Кафедральный собор Святой Троицы Самеба  - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
სამების ტაძარი
პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ილია II-ის დაკრძალვის დროს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელიც არ ატარებდა პოლიტიკურ ხასიათს. საპატრიარქოს თხოვნით, ყველა მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივი მიეგო.
„არავითარი პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა, ბუნებრივია, საზოგადოების წარმომადგენლების სეგრეგაცია. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ დაკრძალვის დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, ეს იყო საპატრიარქოს თხოვნაც, რომ სამოქალაქო პანაშვიდი ყოფილიყო ორგანიზებული დაკრძალვის დღესაც“, - განაცხადა პრემიერმა.
მან დასძინა, რომ სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, უცხოელი სტუმრები, დიპლომატიური კორპუსი და რიგითი მოქალაქეები. ხალხის ნაკადი უწყვეტი იყო და ყველას შეეძლო ტაძარში შესვლა და კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მიგება.
მისივე განცხადებით, რაც შეეხება კონკრეტული პირების მიწვევას, რომლებსაც დღეს არ აქვთ არავითარი ოფიციალური სტატუსი, არც ფორმალური და არც მორალური თვალსაზრისით არ არსებობდა ამ ადამიანების მიწვევის მყარი კრიტერიუმები.
„ამ ადამიანებს არ ჰქონდათ მაინცდამაინც მყარი უფლება, რომ ყოფილიყვნენ სამების ტაძარში და გეტყვით, რატომ ვფიქრობ ამას - კიდევ ერთხელ გავიხსენებ იმ კამპანიებს, რომლებიც წარიმართებოდა ეკლესიის და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ ამ წლების განმავლობაში“, - განაცხადა პრემიერმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, 93 წლის ასაკში სამშაბათს, 17 მარტს აღესრულა. იგი მართლმადიდებელ ეკლესიას 1977 წლიდან ედგა სათავეში და იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სულიერი წინამძღოლი. უწმინდესი და უნეტარესი 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
ყველა ახალი ამბავი
0