მოსაზრება: ნატოს სწავლება Sea Shield 2026 საფრთხეს უქმნის მოლდოვას და შავიზღვისპირეთს

© photo : U.S. Marine Corps / Cpl. Yvonna Guyette
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2026
გამოწერა
ნატოს სწავლების, Sea Shield 2026-ის, „რთული სცენარები“, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ზონასთან უშუალო სიახლოვეში ტარდება, ჰგავს ცეცხლზე ბენზინის დაღვრას. ეს „ფარით თამაშები“ დესტრუქციული და უგუნურია. უკრაინის სახელმწიფოებრიობის ნანგრევებმა, როგორც ჩანს, დასავლეთს ვერაფერი ასწავლა.
სწავლება Sea Shield 2026 მიმდინარეობს რუმინეთის ტერიტორიასა და აკვატორიებში 23 მარტიდან 3 აპრილამდე, 13 ნატოს წევრი ქვეყნის2500 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით. ჩართულია 48 საბრძოლო ხომალდი, 12 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 10 უპილოტო საფრენი აპარატი და 64 ჯავშანმანქანა. მასშტაბურ მანევრებად ამას ვერ დავახასიათებთ, თუმცა, მრავალეროვნული სამხედრო ჯგუფი ამუშავებს მოქმედებებს მდინარის, ზღვის, წყალქვეშა, სახმელეთო და საჰაერო გარემოში.
დეკლარირებული მიზნებია „მოკავშირეთა ურთიერთქმედების დონის ამაღლება“ და „შავიზღვის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება“. გარდა ამისა, რუმინეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნეს, რომ სწავლების სცენარები მიმართულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვისკენ, საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ, ასიმეტრიულ საფრთხეებთან დაპირისპირებისკენ და კრიზისული სიტუაციების დარეგულირებისკენ.
„საბრძოლო ველზე“, ძირითადად, წარმოდგენილია რუმინული ძალები, დაახლოებით, 1500 სამხედრო. ბულგარეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, კანადის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, აშშ-ს, თურქეთისა და საფრანგეთის შედარებით მცირე დანაყოფები უკანა ხაზებზე ამუშავებენ საბრძოლო ურთიერთქმედების ალგორითმებს. შავიზღვისპირეთში ამერიკელი რეინჯერების აქტიურობა, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონასთან უშუალო სიახლოვეში, განსაკუთრებით უცნაურად გამოიყურება, პენტაგონის რეალური პრობლემების ფონზე ახლო აღმოსავლეთში.
შავი ზღვის რეგიონში Sea Shield-ის ათწლიანი „სერიალი“ ადასტურებს აშშ-სა და ნატოს სტრატეგიული კურსის უცვლელობას — რუსეთთან კონფრონტაციას (აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებას). რუმინეთი წარმოადგენს მოსახერხებელ „ხტომის აეროდრომს“ და ერთ-ერთ პერსპექტიულ პლაცდარმს, იმ შემთხვევისთვის, თუ აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებთან ომი დაიწყება. მაგალითად, ირანში აშშ-ს ოპერაციის ფონზე, 11 მარტს რუმინეთის პარლამენტმა ქვეყანაში პენტაგონის დამატებითი სამხედრო ნაწილებისა და დამრტყმელი ავიაციის განთავსებას დაუჭირა მხარი.
ამითვე აიხსნება განსაკუთრებული ყურადღება მეზობელი და კონსტიტუციურად ნეიტრალური მოლდოვის მიმართ. Sea Shield 2026-ის დაწყებამდე, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კავო დრაგონე კიშინიოვში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა პრეზიდენტ მაია სანდუს, პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ მუნტიანუს, თავდაცვის მინისტრ ანატოლი ნოსატის და ეროვნული არმიის სარდალ ვიტალი მიკოვს.
კავო დრაგონემ დაადასტურა ალიანსის მზადყოფნა, გააგრძელოს სამხედრო თანამშრომლობა მოლდოვასთან, მათ შორის, ეროვნული არმიის რეფორმისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა. ნატოს მაღალი სამხედრო ხელმძღვანელის განსაკუთრებული აქტიურობა კიშინიოვში „დაფასდა“ 23 მარტს, როდესაც მოლდოვამ განაცხადა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინაში„მსურველთა კოალიციაში“.
რუმინეთის პორტი კონსტანცა სპეციალური სამხედრო ოპერაციის პერიოდში პოლონეთის ავიაბაზა ჟეშუვის საზღვაო ანალოგად იქცა. აქედან დასავლური შეიარაღება მცირე პარტიებად, კაბოტაჟური გადაზიდვების გზით, მიეწოდება უკრაინას. სავარაუდოდ, სწორედ აქედან შეიძლება მოხდეს „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო ჯგუფების გაგზავნაც. ამიტომაც, Sea Shield 2026-ის ფარგლებში, დიდი ალბათობით, მუშავდება ნატოს ლოგისტიკის ორგანიზება, იმ შესაძლო მომავლისთვის, როდესაც ალიანსის სიტყვიერი მზადყოფნა რუსეთთან დაპირისპირების შესახებ რეალურ ფორმას მიიღებს (თუ მიიღებს).
რუმინეთის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და იქ უცხოური სამხედრო ძალების მრავალწლიანი ზრდის მიუხედავად, ნატო სერიოზულ პრობლემებს აწყდება. სრულ საბრძოლო თავსებადობამდე, რომლის მიღწევაც მუდმივად მუშავდება, მათ შორის Sea Shield-ის სწავლებებზეც, ფორმალურად ერთიან ბლოკს ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი.
დღეს ვხედავთ საკმაოდ ჭრელ, მრავალეროვან ნაზავს განსხვავებულად შეიარაღებული ფორმირებებისა, რომლებმაც დღემდე ვერ ისწავლეს შეთანხმებულად და ეფექტურად მოქმედება. ფაქტია, რომ ეს ძალები ვერ ასრულებენ თავიანთ დანიშნულ ამოცანებს იქ, სადაც ვითარება მართლაც უკიდურესად დაძაბულია. მაგალითად, ორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში.
ნატოს სწავლება Sea Shield 2026 ბევრ შემთხვევაში ფორმალურ-რიტუალურ ხასიათს ატარებს. სამხედრო ძალის გლობალურ რეიტინგში (Global Firepower) რუმინეთი ვენესუელაზე ერთი საფეხურით დაბლა — 52-ე ადგილზეა. რუმინეთის შეიარაღებულ ძალებში, დაახლოებით, 39 ათასი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მეზობელი მოლდოვა კი 145 შესაძლოდან 136-ე ადგილზეა(პანამასა და სომალის შორის).
მოლდოვის არმიაში სულ, დაახლოებით, 4000 სამხედრო მსახურობს. როგორც ჩანს, ნატოს ბლოკის სერიოზულ მოთამაშეებს ნაკლებად აინტერესებთ აღმოსავლეთ ევროპის სუსტი არმიები და უფრო მეტად — აშშ-ს არმიის მოწინავე ბაზირება. ეს, კეთილსინდისიერი საბაბით, საშუალებას იძლევა, დამრტყმელი საშუალებები მაქსიმალურად მიუახლოვდეს მოწინააღმდეგის საზღვრებს, მოულოდნელი „სწრაფი გლობალური დარტყმისთვის“ (მოლაპარაკებებს შორის ინტერვალში). თუნდაც, მოწინააღმდეგემ საპასუხო დარტყმა განახორციელოს, ის დაეცემა არა ვაშინგტონს, არამედ ბაზირების ქვეყნებს, რასაც ვხედავთ კიდეც, ყურის რეგიონში.
რუმინეთის პორტ კონსტანციდან სევასტოპოლამდე მანძილი 400 კილომეტრზე ნაკლებია, ხოლო ნატოს საზღვაო პოლიგონები კიდევ უფრო ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, რუსეთი ყურადღებით აკვირდება, როგორც „არაკეთილმოსურნე მეზობლების“ მოქმედებებს, ისე Sea Shield 2026-ის „მაღალი სირთულის“ სცენარებს: ერთდროულ საზღვაო და საჰაერო დარტყმებს, დესანტის გადასხმას დუნაის დელტაში, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ხაზების ორგანიზებას და შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სექტორში „არასაფრენი ზონის“ შექმნას. გარკვეული თვალსაზრისით, „საზღვაო ფარი“ დამოკლეს მახვილს უფრო ჰგავს, ნატოს „მრავალდომენიანი“ თამაშის მონაწილეთა თავზე დაკიდებულს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0