კალაძე: სოფელი დიღმის ვაშლიჯვრთან დამაკავშირებელი ხიდი ახლით ჩანაცვლდება

© FB / Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2026
გამოწერა
სამუშაოების წარმოების პროცესში ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
თბილისი, 25 მარტი — Sputnik. საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურაზე, თეთრი დუქნის ქუჩაზე მდებარე საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მერის თქმით, სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა დეტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებული ხიდის კონსტრუქციული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.
„არსებული სახიდე გადასასვლელი სოფელ დიღომს ვაშლიჯვრის დასახლებასთან აკავშირებს. ის სამმალიან ლითონის საავტომობილო ხიდს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 64 მეტრია. პროექტის ღირებულება ოთხ მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს და, დაახლოებით, ხუთი თვის ვადაში დაასრულებს“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, სამუშაოების წარმოების პროცესში ხიდის სამშენებლო არეალში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
„გადაადგილების სქემასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვდით. სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივია იქნება დისკომფორტი. მინდა, მოქალაქეებს მოთმინებისთვის წინასწარ მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერიამ დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ 2024 წელს შეაჩერა იმის გამო, რომ ხიდის საინჟინრო პარამეტრები დატვირთვას ვერ პასუხობდა. ძველი ხიდის დემონტაჟი და ახალი გადასასვლელის მშენებლობა 2025 წელს იგეგმებოდა. მერიამ ამ მიზნით სახელმწიფო შესყიდვის ტენდერიც კი გამოაცხადა, თუმცა, მაშინ ის შეჩერდა.
ყველა ახალი ამბავი
0