რაბათის ციხეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliრაბათის ციხე
რაბათის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
კონკურსის პირობების თანახმად, პროექტი უნდა შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალციხის ციხის (რაბათის ციხე) კომპლექსის რეაბილიტაციისთვის საპროექტო კონკურსი გამოცხადდა, ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპროექტო კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.
უწყების ინფორმაციით, პროექტის მიზანია კომპლექსის ისტორიული იერსახისა და ავთენტურობის დაცვა, დაზიანებული ნაგებობების აღდგენა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
„დროის განმავლობაში დაგროვილი დაზიანებებისა და წარსულში ჩატარებული არასათანადო სამუშაოების შედეგად, რეაბილიტაციას საჭიროებს ახალციხის ციხის კომპლექსში გაერთიანებული ციტადელი, კოშკები, მუზეუმი, ეკლესია და საზოგადოებრივი სივრცეები“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი პროექტი განსაზღვრავს აუცილებელი ჩარევების ეტაპობრივად განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს კომპლექსის უწყვეტ ფუნქციონირებას.
კონკურსის პირობების თანახმად, პროექტი უნდა შესრულდეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით და ნებისმიერი ჩარევა უნდა დაეფუძნოს სამეცნიერო დასკვნებს. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს სივრცის ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
ახალციხის ციხე (რაბათის ციხე) მდებარეობს ქალაქ ახალციხეში, მდინარე ფოცხოვისწყლის ნაპირზე. ის საუკუნეების წინ ძველი სამცხის მთავარ ქალაქსა და სამცხის ათაბაგთა რეზიდენციას წარმოადგენდა
2011-2012 წლებში მიმდინარე რეკონსტრუქციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X საუკუნეების მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ყველა ახალი ამბავი
0