საქართველოში საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის 30 მლრდ ლარს მიაღწევს

© photo: Sputnik / Varvara Gertyeმარკეტი
მარკეტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2026
გამოწერა
2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21,5 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 27% იმპორტით, დანარჩენი კი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე შეივსო.
თბილისი, 24 მარტი — Sputnik. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის კვლევის მიხედვით, საქართველოში საკვები პროდუქტების მოხმარება ზრდის ტენდენციას აჩვენებს და 2030 წლისთვის 30 მლრდ ლარს მიაღწევს.
კვლევის მიხედვით, ქვეყანაში საკვები პროდუქტების ბაზარი სწრაფად იზრდება, 2025 წელს ადგილობრივმა მოხმარებამ 21,5 მლრდ ლარი შეადგინა, საიდანაც 27% იმპორტით, დანარჩენი კი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე შეივსო.
„მიმდინარე ტენდენციების შენარჩუნების შემთხვევაში, საკვები პროდუქტების მოხმარება 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მლრდ ლარს მიაღწევს“, — ნათქვამია კვლევაში.
კვლევამ აჩვენა, რომ ძირითადი აგროპროდუქტების – ხორცის, რძის პროდუქტების, მარცვლეულის, ბოსტნეულის, ხილისა და ალკოჰოლური სასმელების – ერთობლივმა მოხმარებამ 2025 წელს 6,4 მლრდ ლარი შეადგენა, აქედან 2,8 მლრდ ლარი იმპორტი იყო.
„საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული ხორცის, რძის პროდუქტებისა, მარცვლეულის და ბოსტნეულის მიმართულებით, ხოლო ხილი, თხილი და ყურძნისგან წარმოებული ალკოჰოლური სასმელები ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია“, - ნათქვამია კვლევაში.
ამასთან, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე.
მოთხოვნის სტრუქტურა ეტაპობრივად იცვლება. ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე.
„თუმცა ადგილობრივი წარმოება სრულად ვერ ეწევა მოთხოვნის ზრდას, რის გამოც იმპორტდამოკიდებულება ძლიერდება", - ნათქვამია კვლევაში.
კვლევის თანახმად, მომდევნო წლებში განსაკუთრებით მაღალი ზრდაა მოსალოდნელი ყველის, ფრინველის ხორცის, ღორის ხორცისა და თევზის მოხმარებაში.
„ჩვენი მოლოდინით, 2030 წლისთვის ამ პროდუქტების ბაზარი დაახლოებით 3 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც დაახლოებით 1 მლრდ ლარამდე დამატებითი ადგილობრივი წარმოების პოტენციალს ქმნის", - ნათქვამია კვლევაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება კვლავ ცოდნისა და ტექნოლოგიების დაბალი დონე, მიწების ფრაგმენტაცია, დაბალი კორპორატიზაცია, რაც დარგის დაბალ პროდუქტიულობას განაპირობებს. ამასთან, ექსპორტი კვლავ რამდენიმე ძირითად პროდუქტსა და ბაზარზეა კონცენტრირებული, რაც დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე მიუთითებს.
„პროდუქტიულობის გაუმჯობესება, ბიზნესის როლის გაძლიერება, მიწის კონსოლიდაცია, სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ძირითადი წინაპირობებია", - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
მათი აზრით, ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფო მხარდაჭერაც, მათ შორის საინვესტიციო და აგროკრედიტის პროგრამები.
„ ჯამში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი განვითარების პოზიტიურ ტენდენციას ინარჩუნებს, თუმცა მისი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის გადამწყვეტი იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ტექნოლოგიური განვითარება და ექსპორტის დივერსიფიკაცია“, - აღნიშნულია კვლევაში.
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური პრიორიტეტია. ქვეყანა მიწის მესაკუთრეთა მხარდასაჭერად სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის განვითარება საქართველოს პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დარგის მხარდასაჭერად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს, რომელთა შორისაც ყველაზე მასშტაბური 2013 წლიდან მოქმედი „შეღავათიანი აგროკრედიტია“.
ყველა ახალი ამბავი
0