მეუფე შიო: 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე ატარა ჩვენი ქვეყანა

© Public Relations Service of the Patriarchate of Georgia
გამოწერა
დღეს საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ემშვიდობება, რომელიც ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ნახევარი საუკუნე მართავდა.
თბილისი, 22 მარტი — Sputnik. გვჯერა, ზეციურ სამყოფელში ჩვენ შევიძინეთ უდიდესი სასოებელი - 49 წლის განმავლობაში ჩვენმა პატრიარქმა ბეწვის ხიდზე მამამთავრული სიბრძნით ატარა ჩვენი ქვეყანა და მრავალ განსაცდელს გადაარჩინა, განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამებაში ილია მეორისთვის წესის აგების მსახურების დასრულების შემდეგ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან მეორე დღეს უწმინდესი და უნეტარესი სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა გამომშვიდობებოდა პატრიარქს.
პატრიარქის წესის აგების მსახურება კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.
მეუფე შიოს თქმით, პატრიარქის ამქვეყნიური ცხოვრება მთლიანად იყო „გზა მოწამეობისა ვითარცა ზეცისა კაცისა და ქვეყნისა ანგელოზისა, შეწირული ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს.“
„დიდია ჩვენი მწუხარება, გულისტკივილი. დიდმა განსაცდელმა გააერთიანა დღეს სრულიად საქართველო. ერი თუ ბერი, დიდი თუ პატარა, ახლობელი თუ შორეული, მართლმადიდებელნი თუ სხვა აღმსარებლობის მქონენი, დაობლებულნი, შვილობრივი სიყვარულით მუხლს ვიყრით და უდიდეს მადლობას ვწირავთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფეს მამასა ჩვენსა ილია მეორეს. იგი დააკლდა არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ საქრისტიანოს და საერთოდ მსოფლიოს", - განაცხადა მეუფე შიომ.
როგორც მეუფემ აღნიშნა, სამგლოვიარო დღეებში, დიდი ნუგეში და სულიერი მხარდაჭერაა მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება.
„მთელი ერი და ეკლესია ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენ საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-მთიანეთის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილიას. ამ სამგლოვიარო დღეებში, ჩვენთვის დიდი ნუგეშია და სულიერი მხარდაჭერაა და შეწევნაა, ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურების და დელეგაციების ჩამობრძანება”, - აღნიშნა მეუფე შიომ.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სხვადასხვა ქვეყნისა და ეკლესიის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის საქართველოში იმყოფებიან სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა, ასევე, ჩამოსულია ვატიკანის და რუსეთის ეკლესიების დელეგაციები, ისე როგორც დაკრძალვას ესწრებიან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები.
მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მაღალ იერარქებს საქართველოს ეკლესიისა და ერის მწუხარების გაზიარებისთვის.
ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან გამოასვენეს და სიონის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ - პატრიარქს უკანასკნელ გზაზე ათასობით მოქალაქე აცილებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სამგლოვიარო, ფეხით მსვლელობაში.
სამებიდან საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე ტერიტორიაზე, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობა გაივლის, სამხედროებისგან შემდგარი სპეციალური კორიდორია მოწყობილი.
ილია მეორეს სიონის საკათედრო ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, საკურთხევლის მარცხნივ დაკრძალავენ. იგი დაკრძალული იქნება ორ სიწმინდეს შორის - წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის.
საქართველოს პატრიარქის დაკრძალვის დროს მცხეთა-თბილისის ეპარქიის ყველა ეკლესიაში ზარები დაირეკება. დაკრძალვას მხოლოდ სასულიერო პირები დაესწრებიან. მორწმუნეებს სიონის ეკლესიაში შესვლა 23 მარტს შეეძლებათ.